weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვარაუდობენ, რომ ჩეჩნეთში სამი შვილის დედა ღამით ცოცხლად დამარხეს

14:45 ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქ გუდერმესში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის მადინა უმაევას დედამ რამზან კადიროვის წინაშე ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ შვილის სიკვდილის მიზეზად ოჯახური ძალადობა დაასახელა.

საქმე ეხება გუდერმესის ერთ-ერთ დასახლებაში სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, 23 წლის მადინა უმაევას უეცარ სიკვდილსა და ღამით დაკრძალვის ამბავს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემაზე სტატია გამოცემამ „ეხო კავკაზა“ გამოაქვეყნა.

მადინა უმაევა 12 ივნისს გარდაიცვალა. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, იმავე საღამოს, სახლიდან, სადაც უმაევა ქმრის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მეზობლებმა საზარელი ყვირილი გაიგეს, თუმცა დედამთილმა შეშფოთებულ მეზობლებს უთხრა, რომ ოჯახის საქმეში არ ჩარეულიყვნენ. როდესაც მეზობლები კიდევ ერთხელ მივიდნენ სახლთან, კიბეებთან მწოლიარე მადინა უმაევა დაინახეს. დედამთილის თქმით, რძალი თავს იკატუნებდა.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, რძალსა და დედამთილს შორის კონფლიქტის მიზეზი სახელმწიფოსგან მიღებული სოციალურ დახმარება გახდა. მადინა უმაევამ დედამთილს ახარა, რომ მიღებული თანხით ტელევიზორი, ბავშვებისთვის კი ტანსაცმელი იყიდა. „ეხო კავკაზა“ წერს, რომ ფულის ასე დახარჯვამ დედამთილი აღაშფოთა და რძალს თავს დაესხა, მის დასახმარებლად მივიდა მამამთილიც. შეშინებული რძალი სააბაზანოში ჩაიკეტა, დედამთილმა კი შვილს სამსახურში დაურეკა და სახლში დაიბარა. იმ დღის შემდეგ მადინა ცოცხალი აღარავის უნახავს.

დედამთილი ამტკიცებს, რომ მადინა უმაევას ეპილეფსია ჰქონდა და კიბიდან გადმოვარდა, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალგაზრდა ქალი ჯანმრთელობას უჩიოდა. გარდაცვლილის დედის ცნობით, მის ქალიშვილს ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.

მადინა უმაევას ღამით დაკრძალვის ამბავი სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც იმან გამოიწვია, რომ მიცვალებულის ღამით დაკრძალვა მუსლიმებისთვის მიღებული პრაქტიკა არ არის. ასეთ ფაქტს ადგილი მხოლოდ რუსეთ-ჩეჩნეთის ომების დროს ჰქონდა.

იმამმა აბდულ-ქერიმ რაშიდოვმა ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხთან განაცხადა, რომ მიცვალებულის ღამით დაკრძალვა ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და კორონავირუსის გათვალისწინებით გადაწყვიტა. ამავე ტელევიზიასთან, ორმა ქალმა, რომლებმაც მიცვალებული განბანეს, თქვეს რომ სხეულზე ძალადობის კვალი ვერ ნახეს.

ქალის ქმარი ამბობს, რომ მეუღლის სიკვდილის დროს სახლში არ იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კამერების წინ თქვა, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი ძალადობა არ იყო, თუმცა თავი აარიდა შეკითხვას გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაციის პროცედურების ჩატარების შესახებ - შემთხვევის ადგილზე არ იყო გამოძახებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ახალგაზრდა ქალი კონფლიქტიდან რამდენიმე საათში დამარხეს, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გარდაცვალების ფაქტის ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ახლა სწორედ ამ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობენ.

გარდა ამისა, მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ქმარი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში რუსეთის ძალოვანი ორგანოების თანამშრომელია, რაც საეჭვოს ხდის, რომ შესაძლო დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

გარდაცვლილის დედა ამბობდა, რომ მისი შვილი ქმრის მხრიდან რეგულარულ ფიზიკურ ძალადობასა და დედამთილის პროვოკაციულ ქმედებებზე ჩიოდა. გარდაცვალებამდე, მეუღლესთან და მის ნათესავებთან მომხდარი უთანხმოების გამო, მადინა უმაევა დედასთან სამი დღე იყო. დედის თქმით, ქალიშვილი უკან მამის ოჯახში დარჩენილი შვილიშვილების გამო დააბრუნა. მას იმავე საღამოს დაურეკეს და აცნობეს, რომ მადინა ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

შვილის ცხედართან დედა არ მიუშვეს და ის მხოლოდ მაშინ ანახეს, როცა უკვე განბანილი და სუდარაში მოთავსებული იყო. დედის თქმით, ერთ-ერთმა შვილიშვილმა მას უთხრა: „რომ გენახა, დედას რამდენი სისხლი წამოუვიდაო“.

ქალის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, დედის მოთხოვნით, საგამოძიებო კომიტეტმა ცხედრის ექსჰუმაციის ნებართვა გასცა. დედა, რომელიც ამ პროცესს ესწრებოდა და ცხედარი მორგშიც ნახა, აცხადებს, რომ მის შვილს სახეზე შრამი ან ჭრილობა და მასზე სისხლი აღენიშნებოდა. დედა დარწმუნებულია, რომ მადინა მოკლეს.

ამასთან, მადინა უმაევას ნათესავები სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ ვერსიას, რომ შესაძლოა, ქალი დამარხვის დროს ცოცხალი იყო. იურისტი აბუბაქრ იანგულბაევი ამბობს, რომ ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანს სამედიცინო შემოწმების გარეშე მარხავენ, რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი.

23 ივნისს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი პირადად ჩაერთო გახმაურებული საქმის გარჩევაში და კონფლიქტის ორივე მხარეს შეხვდა. მადინა უმაევას დედამ კადიროვის წინაშე ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ შვილის გარდაცვალების მიზეზად ოჯახური ძალადობა დაასახელა. „კავკაზ რეალიის“ ცნობით, შვილმკვდარი დედის ბოდიში ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის საღამოს ეთერში გავიდა.

კადიროვის თქმით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი ძალადობა არ ყოფილა. ჩეჩნეთის ლიდერმა მადინა უმაევას დედას მოსთხოვა, მოეყოლა, პირველმა ვინ მიაწოდა შვილის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია.

„გავიგებთ, ვინ დაგირეკათ, საგამოძიებო კომიტეტი გამოწერს ნებართვას, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ამოიღებს ჩანაწერს, რომელიც 6 თვე ინახება, წავიკითხავთ და ყველაფერს გავიგებთ“, - განაცხადა კადიროვმა.

მადინა უმაევას დედამ თქვა, რომ შვილის გარდაცვალების დღეს შეატყობინეს, რომ მისი სახლიდან ყვირილი ისმოდა, რის გამოც ეჭვი მკვლელობაზე მიიტანა. დედამ გაიმეორა, რომ ადინა უმაევას ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.

ჩეჩნეთის ლიდერმა პროკურორს, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსს, ასევე დასახლების იმამს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ ქალი განზრახ ყოფილიყო მოკლული. პროკურორმა უპასუხა, რომ სუდარაზე ლაქის არსებობა, რომელიც გარდაცვლილის დედამ სისხლად მიიჩნია, სხეულის გახრწნით აიხსნება.

შეხვედრის ბოლოს კადიროვმა გასცა ბრძანება, რომ გარდაცვლილის დედას სამივე შვილიშვილი ჩამოართვან და მამას გადასცენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]