აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოუზის მიმართულებით, აზერბაიჯანის პოზიციების დაკავების მიზნით, არტილერიის გამოყენებით თავდასხმა სცადეს.
„ადეკვატური ზომების მიღების შედეგად მოწინააღმდეგეზე დარტყმა განხორციელდა და მან უკან დაიხია, რადგან დანაკარგები განიცადა. საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი დაიჭრა“, - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვს სამინისტრო.
სააგენტო „არმენპრესის“ ინფორმაციით, მომხდარს გამოეხმაურა სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს-მდივანი შუშან სტეპანიანი. მისი თქმით, 12 ივლისს, დაახლოებით 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, სომხური მხარისთვის გაუგებარი მიზეზით, „უაზის“ ავტომობილით, ტავუშის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის დარღვევა სცადეს.
„სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებმა ავტომობილი დატოვეს და თავიანთ პოზიციებს დაუბრუნდნენ. 13:45 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით სცადეს ჩვენი პუნქტის ხელში ჩაგდება, მაგრამ ცეცხლის გახსნის შემდეგ უკუიქცნენ“, - აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
სომხური მხარის განცხადებით, მომხდარის შედეგად სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები არ დაღუპულან და დანაკრგი მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს.
2016 წლის აპრილში, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის შემდეგ, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ, თუმცა შეიარაღებულ დაპირისპირებებს ადგილი მაინც აქვს.