weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანი ყველაფერს გააკეთებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს – ილჰამ ალიევი

17:05 ორშაბათი, 13 ივლისი 2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დღეს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც კონფლიქტის ზონაში გუშინ მომხდარი დაპირისპირება განიხილეს. ალიევის განცხადებით, 12 ივლისს ადგილი ჰქონდა სომხეთის მორიგ პროვოკაციას აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე. როგორც პრეზიდენტმა თქვა, იქ დღესაც დაძაბული სიტუაციაა.

ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო პოსტს მოულოდნელად საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც აზერბაიჯნელი სამხედრო მოსამსახურეები დაიჭრდნენ და დაიღუპნენ. ალიევის თქმით, სომხეთი ცდილობს შექმნას ისეთი აზრი თითქოს აზერბაიჯანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმებს ახორციელებს, რაც, მისივე თქმით, სიცრუეა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაციების შედეგად დაიღუპნენ როგორც მათი სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები.

„შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთის მორიგი პროვოკაცია ადეკვატური პასუხის გაცემით აღკვეთილი იქნა. შური ვიძიეთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების გამო. სომხური მხარის ყველა მცდელობა ჩაიშალა, აზერბაიჯანმა დაიცვა თავისი სახელმწიფო საზღვარი, ხოლო სომხეთის ჯარისკაცებმა აზებაიჯანულ მიწაზე ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ შემოაღწიეს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ალიევის თქმით, როგორც კი ამისი შესაძლებლობა მიეცემათ, მიიწვევენ უცხოეთის ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებს, რათა მათ თავისი თვალით ნახონ, ვინ განახორციელა პროვოკაცია და ვის ეკისრება მასზე პასუხისმგებლობა.

მისივე განცხადებით, „ეს ბინძური ქმედებები“ სომხეთის აგრესიული პოლიტიკის გამოვლინებაა.

„ამ პოლიტიკის ლოგიკურად ახსნა შეუძლებელია, იმიტომ რომ უკიდურესად წინააღმდეგობრივია და სომხეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

არაერთხელ მითქვამს და მინდა კიდევ გავიმეორო, აზერბაიჯანი არასდროს შეეგუება იმას, რომ მისი მიწები ოკუპირებული დარჩეს, არ შეეგუება ოკუპაციას და გააკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა ალიევმა.

პრეზიდენტის თქმით, სომხეთის პროვოკაციული ქმედებების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ „ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა საერთაშორისო არენაზე უზარმაზარ წარმატებებს მიაღწია“.

„უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მთიანი ყარაბაღი - უძველესი ისტორიული აზერბაიჯანული მიწაა და ეს დასტურდება მრავალი დოკუმენტით, რომელსაც დღეს ფართო საერთაშორისო საზოგადოებას წარვუდგენთ. ამავდროულად, მთელი მსოფლიო მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად აღიარებს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

12 ივლისს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებმა გაავრცელეს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მათი ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ხელმძღვანელობას აკისრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]