weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალქალაქში აქცია „არა ომს“ გაიმართა

10:19 ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020

სომხეთისადმი მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ახალქალაქში მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდეს, არ იომონ და არ დაღვარონ სისხლი, ასევე კონფლიქტში არ ჩაითრიონ საქართველო.

ადგილობრივი ონლაინ-გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, ახალგაზრდების ორგანიზებით, 21 ივლისს, ქალაქის საფეხბურთო მოედანზე ახალქალაქის, ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები შეიკრიბნენ. აქცია საქართველოსა და სომხეთის ჰიმნებით დაიწყო, რის შემდეგაც სომხურ, რუსულ და ქართულ ენებზე განცხადება წაიკითხეს.

„ჩვენ, საქართველოში მცხოვრები სომხები, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სომხები, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, ძალიან შეშფოთებული ვართ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული ბოლო მოვლენებით, რის გამოც გამოვედით ამ მშვიდობიან აქციაზე, რომლის ლოზუნგია „არა ომს“. ჩვენ ვეწინააღმდეგებით საომარ მოქმედებებსა და ძალადობას, რამდენადაც იღუპებიან ახალგაზრდა ადამიანები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს.

ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სომხები, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს სომხები, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ ყოველთვის ჩვენს მშობლიურ სომხეთთან და ჩვენს ხალხთან ვართ, მუდამ მხარში ვედგებით მათ და აუცილებლობის შემთხვევაში, მოვასწრებთ რთულ მომენტში აღმოვჩნდეთ ჩვენს საყვარელ სომხეთში“, - განაცხადეს აქციაზე.

Jnews-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებსაც მიმართეს:

„ბოლო დღეებში რამდენიმე აზერბაიჯანელი, საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშებით, საქართველო-სომხეთის საზღვარზე პროვოკაციული მოწოდებებითა და ლოზუნგებით მივიდა, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა არასასურველი შედეგები და გამოწვია ჩვენი აღშფოთება. ვთხოვთ, საქართველოს მთავრობას, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, ამას ყურადღება მიაქციოს. 

როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც კანონი და მთავრობა მოსახლეობას არ განასხვავებს ეროვნების, რასისა და აღმსარებლობის მიხედვით და სადაც ამ დრომდე ერ ყოფილა ეროვნებათაშორისი კონფლიქტი? და აი, აქ ჩნდება რამდენიმე ადამიანი, რომელმაც საიდანღაც მიიღო შეკვეთები პროვოცირება გაუკეთოს ასეთ კონფლიქტს... ჩვენ, სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოში მშვიდად და მეგობრულად ვცხოვრობთ. საჭირო არ არის ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება. ხოლო ვისაც პროვოკაციები, ომი ან გმირობა უნდა - წავიდეს საომარ ზონაში და იქ აჩვენოს თავისი თავი, საჭირო არაა აქ ყველაფრის არევა“, - აღნიშნული იყო აქციის მონაწილეების განცხადებაში.

აქცია ტრადიციული სომხური ცეკვით დასრულდა.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]