weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება რამდენიმე თვეში დაიწყება

18:09 სამშაბათი, 11 აგვისტო 2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, რამდენიმე თქვეში სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით აზერბაიჯანული გაზი ევროპულ სივრცეში მოხვდება. სააგენტო APA-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ალიევმა 10 აგვისტოს, „ყარაბაღის“ საბადოს დამხმარე ბლოკის ზღვაში გაშვების ცერემონიაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ყურადღება ახლა მიმართულია სამხრეთის გაზის დერეფნის დასრულებაზე. ეს პროექტი ასევე წარმატებლად ხორციელდება. უკვე სრულდება მისი მეოთხე და ბოლო პროექტი – TAP (ტრანს-ადრიატიკული მილსადენი - ავტ.). ამგავრად, მიმაჩნია, რომ რამდენიმე თვეში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს ინიციატივით და ფართომასშტაბური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, სრულად დასრულდება ერთმანეთთან დაკავშირებული სამი გაზსადენის მშენებლობა, რომელთა სიგრძე 3500 კილომეტრია და აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უკვე მოხდება ევროპულ სივრცეში. ამგვარად, სამხრეთის გაზის დერეფანი სრულად შევა ექსპლუატაციაში. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა, რადგან ის „შაჰდენიზის“ საბადოს სრულად ამუშავების შესაძლებლობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ალიევმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის განხორციელების გარეშე აზერბაიჯანის ენერგეტიკული პოლიტიკა შესაძლოა დაუსრულებელი დარჩენილიყო, თუმცა ახლა ის სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის ინტერესებს. ილჰამ ალიევის განცხადებით, „შაჰდენიზის“ საბადო სულ მცირე კიდევ 100 წლის განმავლობაში მოამარაგებს ბუნებრივი აირით აზერბაიჯანსა და მის პარტნიორ ქვეყნებს.

„ამავე დროს, ჩვენ ვაპირებთ ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებას. „შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში.

თუ ალბანეთში გაჩნდება ბუნებრივი აირის ქსელი, ალბანეთიც გახდება ჩვენი ბუნებრივი პარტნიორი და ჩვენ გაზის ექსპორტს იქაც შევძლებთ. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შესაძლებელია სხვა მეზობელ ქვეყნებშიც - ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებში“, – განაცხადა ალიევმა და დაამატა, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი მათი ისტორიული მიღწევაა და ამ პროექტის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება.

„სამუშაოები, რომლებიც ჩვენს ყველა საბადოში მიმდინარეობს, ხორციელდება მიზანმიმართულად. ერთი პროექტი მეორეს განაპირობებს. 1994 წელს რომ არ გაფორმებულიყო კონტრაქტი „აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის“ შესახებ, შეუძლებელი იქნებოდა სხვა რომელიმე პროექტზე საუბარი. ხელმოწერილი რომ არ ყოფილიყო „შაჰდენიზის“ პროექტი, დღეს ჩვენ ვერ უზრუნველვყოფდით ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, რადგან „შაჰდენიზი“ ჩვენთვის მთავარი წყაროა.

მთელი ამ სამუშაოს შესრულებით ჩვენ ვხატავთ ევრაზიის ახალ ენერგეტიკულ რუკას. აზერბაიჯანი დიდხანს დარჩება სტრატეგიული პარტნიორი მრავალი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ასევე წარმატებით ხორციელდება პროექტი „შაჰდენიზი 2“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გაზის კონდენსატის საბადოა.

„როგორც იცით, „შაჰდენიზი 2“-ის სრულმასშტაბიანი განვითარება დამატებით 16 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოგვიტანს. ჩვენ დავაკმაყოფილებთ საკუთარ საჭიროებებს, ასევე გაჩნდება დიდი საექსპორტო მოცულობა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, ილჰამ ალიევის თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ორი წლის შემდეგ, 2022 წლის ბოლოს, ნავთობისა და გაზის მოპოვებას „ყარაბაღის“ საბადოდანაც დაიწყებენ.

„ამ საბადოდან ყოველწლიურად მოპოვებული იქნება მინიმუმ 1.5 მილიონი ტონა ნავთობი და 1.5-1.8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. რასაკვირველია, ეს დიდ სარგებელს მოუტანს აზერბაიჯანში ნავთობმოპოვების სტაბილურობის შენარჩუნებას და გაზის მოპოვების ზრდას“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2023 წლისთვის, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტის განხორციელებაა დაგეგმილი, საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]