აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-მა გაავრცელა.
„ითუმ-კალის რაიონში, ბაულოის დასახლებაში, მეჩეთის ნანგრევების დათვალიერებისას, ნაპოვნია შუა საუკუნეების დამწერლობის იშვიათი ძეგლი. ეს არის ქვის ბლოკი, რომელზეც დატანილია ასომთავრულით შესრულებული, 24 ასოსგან შემდგარი ტექსტი. არტეფაქტი გროზნოს არქეოლოგიური კვლევების ცენტრშია გადატანილი. ქართველ კოლეგებთან ერთად, დაწყებულია მუშაობა ტექსტის გაშიფვრაზე“, – აცხადებს ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი აზამატ ახმაროვი.
მეცნიერის თქმით, აღმოჩენა უნიკალურია მთიანი ჩეჩნეთის ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული ნაწილისთვის, მათ შორის მდინარე არღუნის ხეობისთვის, რომელიც საქართველოში იწყება.
„უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მთლიან ტექსტთან. ჩეჩნეთში ადრე აღმოჩენილი ანალოგიური ძეგლები შეიცავდნენ მხოლოდ რამდენიმე ნიშნისგან შემდგარ მოკლე ფრაზებს“, – განმარტავს ახმაროვი.
უძველესი სოფელი ბაულოი, სადაც ახლა 30-ზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს, მდებარეობს ჩეჩნეთის მთებში, მდინარე არღუნის ერთ-ერთ შენაკადთან. ადრე იქ არსებული მეჩეთის ადგილზე, სავარაუდოდ, საქართველოდან გადასული ქრისტიანი მქადაგებლების მიერ აშენებული ტაძარი იყო.
„შუა საუკუნეების ქართული მემკვიდრეობა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში დღესაც შესამჩნევია. მაგალითად, ინგუშეთისა და დაღესტნის მთებში ის წარმოდგენილია ტყობა-ერდისა და დათუნას ეკლესიების სახით. ახლა ამ ძეგლებს ფედერალური მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი აქვთ“, – წერს „ტასს“-ი.