„ძვირფასო თანამემამულეებო, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხადდება საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. მოვუწოდებ ჯარის პირად შემადგენლობებს, გამოცხადნენ მათ ტერიტორიულ სამხედრო კომისარიატებში. სამშობლოს სახელით, გამარჯვების სახელით!“, – დაწერა ფაშინიანმა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ მოხალისედ ჩაწერისა და ყარაბაღში წასვლის სურვილი 10 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა.
მანამდე საომარი მდგომარეობა და 18 წელს მიღწეული პირების საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა: „ჩვენ არ გვინდა ომი, ომი თავს მოგვახვიეს და ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ოჯახები. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას. პირადად აზერბაიჯანის პრეზიდენტი აგებს პასუხს ჰუმანიტარული კატასტროფისთვის“, – განაცხადა არუთუნიანმა.
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დღეს დაიძაბა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, 27 სექტემბერს, დილის 8 საათზე აზერბაიჯანმა საჰაერო და სარაკეტო შეტევები განახორციელა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ჯარმა მხოლოდ სომხეთის მხრიდან დასახლებული პუნქტების დაბომბვას უპასუხა და გაანადგურა სომხეთის საჰაერო ძალების 12 საზენიტო სისტემა. სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო აქტივობის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანის არმიის სარდლობამ ფრონტის ხაზის გასწვრივ კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
სომხური მხარის ინფორმაციით, მათ ჩამოაგდეს აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე გაანადგურეს სამი ტანკი, რასაც დეზინფორმაციას უწოდებს აზერბაიჯანი.
ტელემიმართვაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცადა, რომ სომხეთის მხრიდან მორიგი სამხედრო პროვოკაცია განხორციელდა. მისივე თქმით, სომხეთის საჰაერო ძალების იერიშს მოჰყვა მსხვერპლი როგორც მოსახლეობას, ისე სამხედროებს შორის. ალიევის თქმით, სომხეთის მოქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.
მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, სამველ ბაბაიანმა განაცხადა, რომ არცახის (მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის) მიმართ განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად მოკლულია 10 სამხედრო მოსმსახურე.
„მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვები. დღის ბოლოსთვის გვექნება უფრო ზუსტი ციფრები. ჩვენ არაფერს ვმალავთ, ეს ომია“, – განაცხადა ბაბაიანმა.