weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მთლიანი პოლკი გაანადგურეს, რასაც სომხეთი უარყოფს

13:07 სამშაბათი, 29 სექტემბერი 2020

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელი პოლკი „მარტუნი“ გაანადგურა, რომელიც ხოჯავენდის რაიონის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. 

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, ვაგიფ დარგიაჰლის განცხადებით, განადგურებულია როგორც ცოცხალი ძალა, ისე ტექნიკა. მისივე თქმით, მოკლულია არტილერიის უფროსი, კარენ ბაბაიანი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„ინფორმაცია არც მაღალი რანგის ოფიცერის დაღუპვის და არც სამხედრო ნაწილის განადგურების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არცუნ ოვანისიანმა.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა შუშან სტეპანიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთის აღმოსავლეთით ქალაქ ვარდენისში განლაგებული სამხედრო ნაწილის მისამართით, ასევე გამოიყენეს ავიაცია ამავე მონაკვეთში მდებარე საბრძოლო პოზიციების წინააღმდეგ.

აზერბაიჯანმა დღეს დილით განაცხადა, რომ სომხეთმა საარტელერიო დანადგარებიდან დაიწყო დაშქესანის რაიონის ტერიტორიის დაბომბვა.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცრუ ცნობების გავრცელებაში ადანაშაულებენ.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს გამწვავდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეტაკებების დაწყებიდან მეორე დღეს, 28 სექტემბერს, მათ მხარეს კიდევ 26 ადამიანი დაიღუპა. უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 84-ს მიაღწია. აზერბაიჯანის ხელისუფლებას მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. დღეს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 27 სექტემბრის შემდეგ დაიღუპა 10 მშვიდობიანი მოქალაქე.

შეტაკებების განახლების შემდეგ სომხეთმა და არაღიარებულმა მთიანმა ყარაბაღმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. საომარი მდგომარეობა და ნაწილობრივი მობილიზაციაა გამოცხადელი აზერბაიჯანში. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონსა და ქალაქში საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]