რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრ ვლადიმერ მედინსკისთვის გაგზავნილ წერილში კადიროვი აღნიშნავს, რომ ფილმი მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფს. მისი თქმით, "სხვადასხვა კონფესიის ათასობით ადამიანი ფილმს მორწმუნეთა გრძნობების განზრახ დაცინვად აფასებს".
"პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის მხედართა "ველურმა დვიზიამ" სახელი გაითქვა თავისი უკვდავი საქმეებით, ის იყო რუსეთის არმიის ერთ-ერთი საიმედო ნაწილი. დივიზია ჩრდილოეთ კავკასიელებისგან, მუსლიმებისგან შედგებოდა. მათ ნებაყოფლობით დადეს ფიცი იმპერატორ ნიკოლოზ მეორის წინაშე და დაპირდნენ სიცოცხლის ფასად რუსეთის იმპერიის მტრისგან დაცვა. დივიზიამ მეფეს და სამეფო ჯარს თავისი არსებობის დასასრულამდე უერთგულა. ღირსეულად რომ იცხოვრო, უნდა გახსოდეს საკუთარი ისტორია, უნდა იამაყო იმ ხალხით, ვინც ჩვენს გამო იბრძოდა. ეს ხსოვნა წმინდაა. ჩვენ, გამარჯვებულების შთამომავლებმა, მომავალი თაობები უნდა აღვზარდოთ ისტორიის პატივისცემის სულისკვეთებით", - წერს რამზან კადიროვი წერილში, რომელიც გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდამ" მოიპვა.
ამ მიზეზების გამო კადიროვი რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრს სთხოვს, ჩეჩნეთი იმ რეგიონებს შორის არ შეიტანოს, სადაც ფილმს აჩვენებენ.
რეჟისორ ალექსეი უჩიტელის ფილმ "მატილდას" პრემიერა 17 ოქტომბერს შედგება. მანამდე მხოლოდ მისი თრეილერი გავრცელდა, რომელმაც დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ფილმი, სადაც წმინდანად შერაცხული იმპერატორია მთავარი გმირი, პროვოკაციაა, ანტირუსული და ანტირელიგიურია.