weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

სომხეთი უარყოფს ბრალდებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობის შესახებ

23:42 სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2020
აზერბაიჯანის გენპროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფოტო აზერბაიჯანის გენპროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფოტო

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ევლახის რაიონში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადეს. ამ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.

„2020 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებით, ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონის უდიდესი სტრატეგიული პროექტი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, მიზანში ამოიღეს და სცადეს სარაკეტო დარტყმების განხორციელება მილსადენის იმ მონაკვეთზე, რომელიც გადის ევლახის რაიონის ტერიტორიაზე. თუმცა, ჩვენი ჯარის მიერ მიღებული ზომების შედეგად, ეს ტერორისტული მცდელობა აღკვეთილი იქნა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 6 ოქტომბერს, ტერტერის რაიონის სოფლების ინტენსიური დაბომბვის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი შუშან სტეპანიანი ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობის შესახებ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„აზერბაიჯანული მხარის განცხადება, რომ სომხურმა ძალებმა სცადეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელება, თავხედური ტყუილია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, თუმცა ადგილმდებარეობის განურჩევლად, ყველა სამხედრო ობიექტი და სამიზნე, საიდანაც ცეცხლს გახსნიან არცახის მიმართულებით, განადგურდება“, – წერს შუშან სტეპანიანი.

მთიან ყარაბაღში მეათე დღეა შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს გამწვავდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]