ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა, სადაც შუამავალი ლავროვი იყო, დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 10 საათი გაგრძელდა. სერგეი ლავროვის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. 10 ოქტომბრის 12:00 საათზე გამოცხადდება ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული მიზნებისთვის, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაკავებულების, ასევე დაღუპულთა ცხედრების გაცვლა წითელი ჯვრის კრიტერიუმების შესაბამისად და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით;
2. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება;
3. აზერბაიჯანი და სომხეთი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების (რუსეთი, საფრანგეთი, აშშ) შუამავლობით, დაიწყებენ არსებით მოლაპარაკებებს იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მალე მიაღწიონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას;
4. მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობას.
მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს გამწვავდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. საბრძოლო მოქმედებები სამხედრო თვითმფრინავების, არტილერიის, ჯავშანტექნიკის, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და დრონების გამოყენებით მიმდინარეობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოქალაქეებს შორისაც.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში, მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით 10 ოქტომბერს ჩავიდნენ.