„დღეს სომხეთის ფაშისტურმა ხელმძღვანელობამ ჩაიდინა მორიგი ომის დანაშაული და ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსით დაბომბა ქალაქები განჯა და მინგეჩაური. ისინი პასუხს აგებენ ამ დანაშაულისთვის. ჩვენი შურისძიება ბრძოლის ველზე იქნება“, – დაწერა „ტვიტერზე“ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განჯაზე სარაკეტო დარტყმები შაბათს, ღამით განახორციელეს. მოგვიანებით სომხურმა მხარემ „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების“ სია გამოაქვეყნა, რომელშიც შედის ავიაბაზა, მოტოქვეითი ბრიგანის შტაბი, სპეცნაზის ბრიგადა, თავდაცვის და სხვა ობიექტები.
რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანმაც ამ ფორმით ახსნა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტის დაბომბვა.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, საომარი მოქმედებების განახლებიდან სამი კვირის განმავლობაში ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქებსა და სოფლებში დაიღუპა 60 მშვიდობიანი მოქალაქე, 270 კი დაიჭრა. ხოლო სომხური მხარის მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულია 32 სამოქალაქო პირი.