weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

რუსეთს ყარაბაღში სამშვიდობოები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაჰყავს

18:17 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის გადასაყვანად საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებს. როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, საქართველომ საჰაერო სივრცე აზერბაიჯანისა და სომხეთის თხოვნის საფუძველზე გახსნა.

„რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო კონტინგენტის ლოჯისტიკურ საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის მიხედვით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ ეტაპზე საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარებისთვის შეზღუდული დროის გათვალისწინებით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარის თხოვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის ნაწილი, წინასწარ შეთანხმებული განსაზღვრული პერიოდით გადაყვანილი იქნება დაპირისპირების ზონაში საჰაერო სივრცის გამოყენებით და ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან“, – განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე უკვე გამოეხმაურა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ერევანში 400 მშვიდობისმყოფელი გაგზავნა. სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება „ილ-76“ ტიპის ოცი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით მოხდა. დღეს რუსეთიდან კიდევ ხუთი ასეთი თვითმფრინავი გაფრინდა.

რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის განლაგების მიზნით, ჯამში 1900 სამხედრო მოსამსახურეს, 90 ჯავშანტრანსპორტიორს და 380 ერთეულ ავტომობილსა და სპეცტექნიკას შეიყვანს.

9 ნოემბერს, გვიან ღამით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუსეთის შუამდგომლობით, ხელი მოაწერს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას (ერთობლივ განცხადებას).

სომხეთი დათანხმდა, რომ აზერბაიჯანის კონროლქვეშ გადავა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე რაიონი: 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს ქალბაჯარის რაიონს დაუბრუნებს, ხოლო პირველ დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს. აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დარჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა.

რუსეთის მშვიდობისმყოფელები სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად განლაგდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]