weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთში დაკავებული ვაჰაგნ ჩახალიანი გაათავისუფლეს

14:10 ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2020

სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებული ვაჰაგნ ჩახალიანი სასამართლომ გაათავისუფლა, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნის დატოვება ეკრძალება. მოძრაობა „ჯავახკის“ დამფუძნებელი და ყოფილი ლიდერი, ახალქალაქელი ჩახალიანი გუშინ დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას ბრალად ედება ისეთი შეკრების ორგანიზება და ჩატარება, რომელიც არღვევს მართლწესრიგს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმეზე სულ 10 ადამიანი დააკავა, მათ შორის არის ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი.

10 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ერევანში პროტესტის ნიშნად ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათი ნაწილი პარლამენტისა და მთავრობის შენობაში შეიჭრა. დემონსტრანტებმა სასტიკად სცემეს პარლამენტის თავმჯდომარეს. ვაჰაგნ ჩახალიანი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც პარლამენტის შენობაში შეიჭრა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდა.

ვაჰაგნ ჩახალიანი მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან განახლებულ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ არ დადასტურდა. სომხეთში ის „ეროვნული ღირებულებების დაცვის ინიციატივის „ნება“ ლიდერია. 

ჩახალიანი წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან არის და საქართველოს მოქალაქეა. საქართველოში ყოფნის პერიოდში ის „ჯავახკის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ჩახალიანი 2008 წელს დააკავეს მასობრივ არეულობაში მონაწილეობის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ხულიგნობის ბრალდებით. მას 10 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ციხე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, ამნისტიის შედეგად დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]