weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ინგუშეთის მემკვიდრეობა – უძველესი კოშკები, ქისტიანული ტაძარი და საძვალეები

20:18 შაბათი, 12 აგვისტო 2017

„ინგუშების მემკვიდრეობა“ - ამ სათაურით აქვეყნებს რეპორტაჟს პრაღაში ბაზირებული რუსული გამოცემა. ჟურნალისტი ვლადიმერ სევრინოვსკი სამხრეთ ინგუშეთში მოგზაურობს, რომელიც მისი თქმით, თავისი ბუნებით, არქიტექტურით, გამოცანებით სავსე ისტორიითა და ადგილობრივების სტუმართმოყვარეობით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ჩრდილოეთ კავკასიაში.

ლეგენდის თანახმად, თარგიმის ქვაბულში ცხოვრობდნენ ალბერდი და მისი ვაჟები - ეგი, თარგიმი და ხამხი. მათი სახელები აქვთ კოშკებიან სოფლებს, რომლებიც მხოლოდ 1944 წელს, დეპორტაციის დროს მიატოვეს. სოფლებს შორის ყველაზე დიდი ეგიკალია.

ერზის, ანუ არწივის კომპლექსმა სახელი გაითქვა არა მხოლოდ კოშკების სიმრავლით, არამედ იქ ნაპოვნი სულეიმანის ბრინჯაოს არწივით, რომელიც ისლამის გაჩენის შემდეგ უძველესი ზუსტად დათარიღებული (VIII საუკუნე) ბრინჯაოს ახლოაღმოსავლური ნივთია. როგორ მოხვდა ის აქ, უცნობია. ახლა ის ერმიტაჟშია მოთავსებული.

კოშკებს რესტავრაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარეს. ჟურნალისტის თქმით, ისინი დანგრევას გადაარჩინეს, მაგრამ პირვანდელი სახე დაუკარგეს. ზოგჯერ კოშკებთან მწყემსებსაც შეხვდებით. ისინი სტუმრებს „ჩაიზე“ ეპატიჟებიან, რომელიც მსუყე სადილი აღმოჩნდება ხოლმე.

კოშკების ასაკის განსაზღვრა რთულია. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ისინი 400 წლის წინ ააშენეს. ითვლება, რომ დაბალი და ფართო საცხოვრებელი კოშკები X საუკუნის ბოლოს და XI საუკუნის დასაწყისში გაჩნდნენ. დროსთან ერთად ისინი ვითარდებოდნენ და XVI საუკუნისთვის კლასიკურ მოხდენილ გიგანტებად გადაიქცნენ, რომელთა სიმაღლე ათსართულიანი სახლის ტოლია. კოშკებს პირამიდის ფორმის სახურავები აქვთ. ამგვარი კოშკების მშენებლობა XVIII საუკუნის ბოლოს, არტილერიის გამოჩენასთან ერთად შეწყვიტეს.

წარმართულ სალოცავ მიატ-სელისთან მსხვერპლშეწირვა 1925 წლამდე გრძელდებოდა. ადგილობრივი მცხოვრებლების დიდი მსვლელობა, რომელსაც თეთრ ბეშმეტში გამოწყობილი ქურუმი მიუძღვებოდა, მიატ ლოამის მთაზე სრულდებოდა. ქურუმს თეთრდროშიანი და ზარებიანი წმინდა ბოძი მიჰქონდა. როგორც მეზობელ ოსებში, აქაც წმინდა ლუდი ცერემონიალის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. 

თხაბა-ერდი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული მონასტერია ინგუშეთში. ის XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება. „თხაბა-ერდის“ სხვადასხვა განმარტება არსებობს მათ შორის „ორი ათასი წმინდანის ტაძარი“ და „ღმერთის თვალის ტაძარი“.

„ტაძარს საუკუნეების განმავლობაში უვლიდნენ, მას შემდეგაც კი, რაც საქართველოს გავლენა შესუსტდა და ადგილობრივი მცხოვრებლები კვლავ წარმართობას დაუბრუნდნენ. აქ ხდებოდა მსხვერპლშეწირვა და რიტუალები, რა დროსაც წვიმის მოსვლას ითხოვდნენ“, - აღნიშნავს ვლადიმერ სევრინოვსკი.

 

საძვალეები ხეობაში ყველგანაა. ითვლებოდა, რომ თუ გარდაცვლილს საგვარეულო განსასვენებელში არ დაასაფლავებდნენ, ის იმ სამყაროში სისხლის გარეშე დარჩებოდა. ეპიდემიის დროს ავადმყოფები საძვალეებში თავად მიდიოდნენ და ამით ნათესავებს ავადმყოფობის შეყრისგან იცავდნენ. როცა ადამიანი გარდაცვალებისთვის ემზადებოდა, მას საიქიოში რომელიმე ახლობლისთვის გზავნილის გადაცემას სთხოვდნენ ხოლმე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]