"რადიო თავისუფლების" ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, მომღერლის გატაცება რუსეთის დუმის ჩეჩენი დეპუტატის ადამ დელიმხანოვის სახელს უკავშირდება.
ინსტაგრამზე ზელიმხან ბაკაევის ფოტო 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, თუმცა მისი მეგობარი "რადიო თავისუფლებასთან" ამბობს, რომ ბაკაევის ნამდვილი "ექაუნთი" მისი გაუჩინარებისთანავე დაიხურა, გამოქვეყნებული ფოტო კი გროზნოში ერთი წლის წინ არის გადაღებული.
"რადიო თავისუფლება" ზელიმხან ბაკაევის ოჯახს ვერ დაუკავშირდა, თუმცა წყაროსგან მოიპოვა ინფორმაცია, რომ დაკარგვიდან რამდენიმე დღეში ოჯახის წევრებმა WhatsApp-ში შეტყობინება მიიღეს, სადაც ბაკაევი წერდა, რომ მოსკოვშია და საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავს. ზელიმხანის მეგობრების ინფორმაციით, ის სხვა ქვეყანაში გამგზავრებას არ აპირებდა და WhatsApp-ს ტექსტური შეტყობინებების გასაგზავნად იშვიათად იყენებდა.
ზელიმხან ბაკაევი ჩეჩნურად მღერის და კონცერტებს დაღესტანში, ინგუშეთსა და მოსკოვში მართავს. მოსკოვში მას სურდა მონაწილეობა მიეღო ცნობილ მუსიკალურ პროექტში "ვარსკვლავების ფაბრიკა" და საკონკურსო განაცხადიც შევსებული ჰქონდა.
"უნდოდა ემღერა და ცნობილი გამხდარიყო. მონაწილეობდა კონკურსებში, ვოკალში მეცადინეობდა და დედის დასახმარებლად მუშაობდა", - უთხრა "რადიო თავისუფლებას" ბაკაევის მეგობარმა.
მისივე თქმით, ზელიმხან ბაკაევს ჩეჩნეთში გამოსვლა აუკრძალეს, რადგან მისი მუსიკა განსხვავდება იმისგან, რისიც ჩეჩნეთში ესმით.
ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაკაევის დაკარგვის თაობაზე მათთვის განცხადებით არავის მიუმართავს.