პარკის ექსპონატებს შორის, ტანკების, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და საარტილერიო მოწყობილობების გარდა, ჩაფხუტებიცაა, რომლებიც, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დაღუპულ სომეხ ჯარისკაცებს ეკუთვნოდათ. ამასთან, პარკში მოწყობილია სომეხი ჯარისკაცების ყაზარმები და განთავსებულია მათი ფიგურები.
„ყოველი ადამიანი, ვინც პარკს ეწვევა, დაინახავს ჩვენი ჯარის, შეიარაღებულ ძალებს სიძლიერეს, ჩვენს ძალას; დაინახავს, თუ რამდენად ძნელი იყო ამ გამარჯვების მოპოვება, რადგან 30 წლის განმავლობაში მტერი ოკუპირებულ მიწებზე იყო გამაგრებული, აშენებდა სიმაგრეებს, თხრიდა სანგრებს, თავშესაფრებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა, რომლებმაც გამოიჩინეს გმირობა, პროფესიონალიზმი, სამშობლოს სიყვარული, გადალახეს ყველა დაბრკოლება, დაამარცხეს მტერი“, – განაცხადა პარკის დათვალიერების შემდეგ, სამხედროების წინაშე გამოსვლისას ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ ასეთი პარკის გახნის შესახებ გადაწყვეტილება ილჰამ ალიევმა 2020 წლის 11 ნოემბერს, ყარაბაღში ომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.
პარკის გახსნას გამოეხმაურა სომხეთის სახალხო დამცველი არმან თათოიანი. მისი თქმით, ეს შემთხვევა აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკაში ინსტიტუციური არმენოფობიისა და მტრობის პროპაგანდის არსებობას ადასტურებს.
„ამ პოლიტიკის შედეგი იყო ის სისასტიკე და წამება, სომეხი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეები მკვლელობები, რასაც ადგილი ჰქონდა აზერბაიჯანის სამეხედრო ძალების მხრიდან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის დროს, 2016 წლის აპრილის ომის დროს და აზერბაიჯანის სხვა შეიარაღებული თავდასხმების დროს.
სწორედ სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერილი მტრობაა იმის მიზეზი, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სასტიკად აწამეს და მოკლეს სომეხი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქები.
ამას აკეთებდნენ ღიად, განსაკუთრებული ცინიზმით, არ ფიქრობდნენ პასუხისმგებლობაზე, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ ამისთვის მხოლოდ დაჯილდოვდებოდნენ. ამრიგად, „პარკში არსებული „ექსპონატები“, რომელიც ეძღვნება 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომს, ადასტურებს აზერბაიჯანის გენოციდის პოლიტიკას სომხეთისა და არცახის მთელი მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა სომხეთის ომბუდსმენმა.
არმან თათოიანი აპირებს ამ საკითხზე განცხადებით საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართოს.