ილჰამ ალიევის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და „ძმურ ურთიერთობას გააძლიერებს“.
„ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიკურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს.
ძალიან მოხარული ვართ, რომ გვსტუმრობთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. ვიცი, რომ კორონავირუსით იყავით ინფიცირებული და ვიზიტის გადაწევა მოგვიწია. მიხარია, რომ მალე გამოჯანმრთელდით.
ჩვენ ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია გვაკავშირებს, მათ შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში. აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონში არსებული სიტუაცია პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებით. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების გარეშე ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
გასული წლის ბოლო დღე სამხრეთის გაზის მილსადენის პროექტის განხორციელების ბოლო დღეს დაემთხვა, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ფართო რეგიონის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, პროგნოზირებადობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის გარეშე ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის.
ყველა ეს ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ახლახან გარკვეულ მონაცემებს გადავავლე თვალი და შევიტყვე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება. დღეს მიმოვიხილავთ აქამდე მიღწეულ შედეგებს და სამომავლო ნაბიჯებს დავგეგმავთ“, – ციტირებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევის განცხადებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იგი მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.
„დიდი მადლობა შეხვედრისთვის, ბატონო პრეზიდენტო! ძალიან სასიამოვნოა ბაქოში კვლავ თქვენთან შეხვედრა. მართალია, კორონავირუსით ინფიცირების გამო ვიზიტის გადადება მოგვიწია, მაგრამ გვიხარია, რომ დღეს ბაქოში ვართ.
თქვენ ბრძანეთ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს და რომ ეს ძმობა საუკუნეებს ითვლის. თქვენი მამის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები მინდა გავიხსენო, რომელმაც ბრძანა, რომ ჩვენ მეზობლობა ბედმა გვარგუნა. ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა. ამდენად, ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი ვართ.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ, მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაგეგმილია ღარიბაშვილის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან და მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.
ოფიციალურ დელეგაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.