weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ალიევმა და ერდოღანმა შუშაში დეკლარაცია მიიღეს, რაც ზანგეზურის დერეფნის გახსნასაც მოიცავს

10:49 ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 15 ივნისს, მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშაში სამოკავშირეო დეკლარაციას მოაწერეს ხელი, სადაც საუბარია ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე, რომელმაც აზერბაიჯანი სომხეთის სიუნიქის პროვინციის გავლით ნახიჩევნთან უნდა დააკავშიროს.

პრეზიდენტმა ალიევმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ დეკლარაციაში მრავალი მნიშვნელოვანი საკითხია ასახული.

„ერთობლივი თანამშრომლობა, ჩვენი საქმიანობა საერთაშორისო დონეზე, პოლიტიკური კავშირები, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები, კულტურა, განათლება, სპორტი, ახალგაზრდული პოლიტიკა – შეიძლება ითქვას, რომ მოცულია ყველა სფერო. ნაჩვენებია ენერგეტიკული უსაფრთხოების, სამხრეთის გაზის დერეფანის მნიშვნელობა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ევროპისთვის.

მათ შორის, მინდა გამოვყო ორი საკითხი. პირველი, თანამშრომლობა, ურთიერთქმედება თავდაცვის სფეროში. ეს დეკლარაცია ასახავს თავდაცვის ინდუსტრიის და ორმხრივი სამხედრო დახმარების სფეროში არსებულ საკითხებს. ეს ისტორიული მიღწევაა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ მომავალში ყოველთვის ერთად ვიქნებით. გავაგრძელებთ ერთმანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებულია ტრანსპორტთან. დეკლარაციაში ასახულია ძალიან მკაფიო განცხადებები, რომლებიც დაკავშირებულია ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან.

ეს არის ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შედეგი, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს რკინიგზისა და საავტომობილო გზით, არამედ დერეფანს ვქმნით პრაქტიკული საქმეებით. ეს საკითხი აისახა დეკლარაციაში, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და მხარს უჭერს ზანგეზურის დერეფნის პროექტს.

„ამ პროექტის განხორციელებით, გაიხსნება ახალი საერთო დერეფანი, რომლითაც ისარგებლებს ყველას აღმოსავლეთიდან დასავლემდე. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი უახლოეს მომავალში შუშაში გენერალური საკონსულოს გახსნას გეგმავს: „ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონში საქმის უფრო სწრაფად და ეფექტურად შესრულებას“.

აზერბაიჯანმა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ შუშაზე კონტროლი 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ყარაბაღის მეორე ომის შედეგად დაიბრუნა. მანამდე შუშა (შუში) მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის კონტროლ ქვეშ იყო.

რეჯეფ თაიფ ერდორანის ვიზიტსა და დეკლარაციის ხელმოწერას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

„უმკაცრესად ვგმობთ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ერთობლივ ვიზიტს არცახის სომხურ კულტურულ და ისტორიულ ცენტრში - აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშ მყოფ ქალაქ შუშიში, როგორც აშკარა პროვოკაციას რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]