weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინმა კადიროვს ურჩია კვლავ მიიღოს მონაწილეობა ჩეჩნეთის მეთაურის არჩევნებში

10:07 ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ რამზან კადიროვმა კვლავ უნდა იყაროს კენჭი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობაზე. პუტინის განცხადებით, კადიროვის მმართველობის პერიოდში და მისი პირადი მონაწილეობით ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სუბიექტი გახდა.

„ეს მოხდა ჩეჩენი ხალხის სიმამაცისა და მოთმინების წყალობით, იმის წყალობით, რომ ჩვენ შევძელით გადაგველახა ძალიან რთული პროცესები, რომლებიც მემკვიდრეობით მივიღეთ საბჭოთა დროიდან. ჩეჩნებმა გაიარეს ყველა ეს განსაცდელი, ზოგჯერ ტანჯვაც და გააკეთეს არჩევანი“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ ხალხის ამ არჩევანის რეალიზაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ჩეჩნეთის პირველმა პრეზიდენტმა, ახმატ კადიროვმა.

„გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ერთია ანტიტერორისტული დანაყოფების ხელმძღვანელობა და მეორე – ეკონომიკის. მოხარული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით რესპუბლიკაში სერიოზულად ვითარდება ეკონომიკა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გროზნოს ცნობა ძნელია.

ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თქვენ ეფექტურად მუშაობთ, სიტუაციას შიგნიდან იცნობთ, ამიტომ, მგონია, რომ უნდა გახვიდეთ არჩევნებზე და გააგრძელოთ მუშაობა. მე, ჩემი მხრივ, შემიძლია მხოლოდ წარმატება გისურვოთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

კადიროვმა პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან გაიხსენა, რომ პირველად ერთმანეთს რთულ პერიოდში შეხვდნენ, როდესაც ჩეჩნეთში საერთაშორისო ტერორისტები მოქმედებდნენ. კადიროვმა აღნიშნა, რომ მან შეძლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ დასახულ ამოცანას – ტერორიზმის აღმოფხვრას – გამკლავებოდა.

„რეგიონი სრულიად მზად არის არჩევნებისთვის, ამიტომ, როგორც თქვენი ერთგული ქვეითი, მე ველოდები შემდგომ მითითებებს და მზად ვარ შევასრულო თქვენი ნებისმიერი ბრძანება“, – უთხრა კადიროვმა პუტინს.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან მართავს. 2016 წელს, ბოლო არჩევნების დროს, მან ამომრჩეველთა ხმების 97.56% მიიღო. ჩეჩნეთის მეთაურის არჩევნები 2021 წლის 19 სექტემბერს გაიმართება.

გასულ წელს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის მომზადებულ ალტერნატიულ ანგარიშში უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ბოლო წლებში ჩეჩნეთში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტოტალიტარული რეჟიმი და ხელისუფლება აკონტროლებს ცხოვრების არა მხოლოდ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებს, არამედ რელიგიას, კულტურას და პირად ცხოვრებასაც კი. ანგარიშში საუბარია, რომ 2017 წლიდან დაიწყო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების წინააღმდეგ კამპანია, რაც ხასიათდება მათი დევნით, დაკავებებით, წამებითა და მკვლელობებით. გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ირღვევა გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებები, არ ხდება წამების და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]