აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ გუშინ Facebook-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაკიხანოვი იმ მაღალსართულიანი შენობიდან გადმოაგდეს, სადაც ცხოვრობდა. მუხთარლის თქმით, პოლიციამ დაადასტურა, რომ ჰუსეინი სიმაღლიდან არის გადმოვარდნილი.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, რომ 14 ივლისს ბაკიხანოვი სასტუმრო „სტამბაში“ გასაუბრებაზე იყო მისული, იმავე დღეს ახალგაზრდა მამაკაცი სასტუმროს სახურავზე ავიდა და სავარაუდოდ, გადმოხტა.
ხუსეინ ბანიკანოვმა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, 12 ივლისს, YouTube-ზე ატვირთა სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაღებული ვიდეო სათაურით „აზერბაიჯანის მთავრობის შეთქმულება, შურისძიება თუ შემთხვევითობა“. ბაკიხანოვი ვიდეოში ჰყვება, რომ თბილისის ცენტრში თავს დაესხა ოთხი-ხუთი აზერბაიჯანელი, რომლებიც ორი-სამი დღით ადრე გაიცნო. ბაკიხანოვის თქმით, მან თავად გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. მას არ სჯეროდა, რომ თავდასხმა შემთხვევითობა იყო.
როგორც ჰუსეინ ბაკიხანოვი ვიდეოში ამბობს, ის აზერბაიჯანიდან გამოიქცა და რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი საქართველოში ლტოლვილის ID ბარათის მიღებამდე.
აფგან მუხთარლის ინფორმაციით, ჰუსეინ ბაკიხანოვს აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა. ის 2021 წლის 7 მაისს, საპროტესტო აქციის დროს დააკავეს და 15 დღით პატიმრობა შეუფარდეს. მუხთარლის ცნობით, გათავისუფლების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აწამეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
„თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას აზერბაიჯანულ მედიასა და საკუთარ არხზე“, – აცხადებს აფგან მუხთარლი.