Rainbow Railroad-ის განცხადებით, მათ ჩეჩენი გეები, რომლებმაც ორგანიზაციას მიმართეს, თავდაპირველად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც კანადაში გამგზავრებაში დაეხმარნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთში სულ მცირე 40 დევნილი გეი იმალება და უახლოეს მომავალში მათ ქვეყნის დატოვებაში დაეხმარებიან.
ჩეჩნეთში გეების მასობრივი დაკავებების, წამებისა და მკვლელობების შესახებ ინფორმაცია რუსულმა გამოცემა „ნოვაია გაზეტამ“ მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნა. გამოცემა წერდა სულ მცირე სამი მამაკაცის შესახებ, რომლებიც გამტაცებლებმა მოკლეს. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ბრალდებები უარყო და ჟურნალისტები ცილისწამებაში დაადანაშაულა. რამზან კადიროვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში გეები არ არიან.
მოგვიანებით სააგენტო „როიტერმა“ დაბეჭდა ორი ჰომოსექსუალი მამაკაცის მონათხრობი. ისინი ჩეჩნეთში მათი წამების შესახებ საუბრობენ. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის სპეციალურ ანგარიშში კი ნათქვამია, რომ ჰომოსექსუალების დევნა შესაძლოა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მაგომედ დაუდოვის ხელმძღვანელობით ხდებოდა.
ჩეჩნეთში გეების უფლებების დარღვევის გამოძიებისკენ რუსეთს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკოსებმა მოუწოდეს.
„ბი ბი სი“ წერს, რომ ლგბტ თემის ნაწილმა ჩეჩნეთიდან სხვადასხვა ქვეყანაში გადასვლა მოახერხა. ორმა მათგანმა ლიტვაში თავშესაფარი მიიღო, სულ მცირე ერთი კი თურქეთში ცხოვრობს.