აქციის მონაწილეებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახელზე მიმართვა მოამზადეს და „რახინის გენოციდის“ შეწყვეტა სთხოვეს.
რამზან კადიროვმა „მუსლიმების გენოციდთან“ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მიანმარში მცხოვრებ მუსლიმებს მიმართა.
„ჩვენ თქვენგან შორს ვართ, მაგრამ ჩვენი გულები თქვენთანაა. ვხედავთ თქვენს ტანჯვას, გულით ვგრძნობთ თქვენს ტკივილს. ამის შესახებ დღეს მთელ მსოფლიოს განვუცხადეთ. ერთ მილიონზე მეტი ადამიანი შიკრიბა მოედანზე, მეჩეთ „ჩეჩნეთის გულის“ წინ და მიმდებარე გამზირებზე, რათა მონაწილეობა მიეღო საპროტესტო მიტინგში რახინის გენოციდის წინააღმდეგ“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელში.
„კავკაზ.რეალიი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხალხს აქციაზე დასწრება მოსთხოვეს.
გუშინ, 3 აგვისტოს მუსლიმებმა არასანქცირებული აქცია გამართეს მოსკოვშიც, მიანმარის საელჩოს წინ. „თუ ხელისუფლება ამ პრობლემას არ გადაწყვეტს, ალაჰს ვფიცავართ, ჯიჰადს დავიწყებთ“, - განაცხადეს აქციაზე, რომელიც შეძახილების „ალაჰუ აქბარ“ (დიდება ალაჰს) ფონზე მიმდინარეობდა.
მიანმარში, სადაც უმრავლესობას ბუდისტები წარმოადგენენ, უმცირესობაში მყოფი როჰინჯას მუსლიმები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იდევნებიან. ბოლო პერიოდში რახინის შტატში პოლიციას, ჯარსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა.
გაეროს მონაცემებით, 2017 წელს მეზობელ ბანგლადეშს თავი მიანმარიდან დევნილმა 58 ათასმა მუსლიმმა შეაფარა.