weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

აშშ ჩეჩნეთში რეპრესიების გამო შეშფოთებულია და კადიროვს დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

13:09 პარასკევი, 28 იანვარი 2022
ფოტოზე - რამზან კადიროვი ფოტოზე - რამზან კადიროვი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეწუხებულია რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ხელისუფლების მიერ ადამიანების გატაცებისა და დაუსაბუთებელი დაკავებების შესახებ გავრცელებული ცნობებით. 

როგორც დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, მხოლოდ ბოლო კვირებში ასეთი ფაქტების შესახებ ათობით ცნობა გავრცელდა და საქმე ეხებათ ჩეჩნენი უფლებადამცველებისა და დისიდენტების ნათესავებს.

„ჩეჩნეთის შიგნით არსებული შემთხვევების გარდა, დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა, როდესაც პირები რუსეთის ფედერაციის სხვა ნაწილებში დააკავეს და იძულებით გადაიყვანეს ჩეჩნეთში, მაგალითად, ზარემა მუსაევა – ადამიანის უფლებათა დამცველის, აბუბაქარ იანგულბაევის დედა. გასულ კვირში ის ნიჟნი ნოვგოროდიდან წაიყვანეს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი უსამართლოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. 

„ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ ცნობებით, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება ზეწოლას იყენებს რუსეთის ფედერაციის გარეთ მცხოვრები დისიდენტების ნათესავების მიმართ ჩეჩნეთში. ასეთი ქმედებები, რომელიც მთელ ოჯახებს აზიანებს, რესპრესიის განსაკუთრებით სახიფათო ფორმაა. 

ჩვენ ვგმობთ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უსაფუძვლო მცდელობებს, ცილი დასწამოს უფლებადამცველებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და მოვუწოდებთ მას, შეწყვიტოს ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების, ლგბტქი+ პირების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების და სხვათა დევნა, მათ შორის, მათი ოჯახის წევრების მიმართ შურისძიების გზით“, – აცხადებს ნედ პრაისი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას რეპრესიული აქტები, მათ შორის ჩეჩნეთში წარმოშობილი ტრანსნაციონალური რეპრესიები, და ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს ადგილობრივი კანონმდებლობის და რუსეთის ფედერაციის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში რეპრესიების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის „პრეტენზიები და ბრალდებები“ დაუსაბუთებელია. როგორც ანტონოვმა თქვა, აშშ-ის განცხადებას რუსეთი საკუთარ საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობად და მის წინააღმდეგ „გააფთრებული საინფორმაციო ბრძოლის“ ნაწილად განიხილავს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]