weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ჩეჩნეთში საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ისევ საუბრობენ

22:44 ხუთშაბათი, 17 მარტი 2022
რუსტამ შაპტუკაევი რუსტამ შაპტუკაევი

რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხს კვლავ განიხილავს. განცხადება დღეს ჩეჩნეთის ეკონომიკის, ტერიტორიული განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა რუსტამ შაპტუკაევმა გააკეთა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, შაპტუკაევმა თქვა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობამ ამ საკითხზე ფედერალურ ხელისუფლებას მიმართა.

„ეჭვგარეშეა, რომ ამ გზის მშენებლობა სრულიად ახალ დონეზე აიყვანს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთსა და საქართველოს შორის, გააძლიერებს საერთაშორისო ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, შეამცირებს სატრანსპორტო ხარჯებს რუსეთიდან სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანში, საქართველოსა და თურქეთში ტვირთის გადაზიდვისას“, – განაცხადა რუსტამ შაპტუკაევმა.

მისივე თქმით, ყველაზე პერსპექტიული მარშრუტი ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ არღუნის ხეობის გავლით უკვე არსებული ითუმ-კალი-შატილის საავტომობილო გზაა, რომელიც რეკონსტრუქციას და გაფართოებას საჭიროებს. შაპტუკაევის განცხადებით, შესაბამის ტექნიკურ მდგომარეობაში მოყვანის შემთხვევაში, აღნიშნული გზა შესაძლოა ჩაერთოს ჩრდილოეთი-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში.

„გზა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საქართველოს სამხედრო გზის დამატება ან ალტერნატივა, რაც ხელს შეუწყობს ტვირთის შეუფერხებელ გადაზიდვას საქართველოსა და სომხეთის მიმართულებით.

მაგისტრალი ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვაჭრობის გაზრდას, ბიძგს მისცემს ჩეჩნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზრდის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ექსპორტის მოცულობას“, – ამბობს ჩეჩნეთის ეკონომიკის მინისტრი.

Chechnya Today-ის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება.

„სამწუხაროდ, დღეისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ დადებითი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული და ვიხილავთ მშენებლობის დაწყებას.

ამ გზის მშენებლობა ჩენს წინაშე მდგარი რეალური მიზანი და ამოცანაა. შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას ფედერალურ დონეზე ვითხოვთ“, – აღნიშნა შაპტუკაევმა.

საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ირწმუნება, რომ გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში, შესაბამისად, მასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია მცდარია.

ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 17 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას: „ჩვენი მხრიდან ეს საკითხი არასდროს დაყენებულა. ჯერ რაც გაგვყავს „პერევალზე“ და სხვა მიმართულებით, ის გავაკეთოთ. საუბარიც არ ყოფილა არასდროს, რომ ჩეჩნეთიდან მომავალ გზაზე ჩვენ აქედან რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. არ მახსოვს და არ გამიგია“, – განაცხადა გომელაურმა.

ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც:

„როგორც მახსოვს, ეს გზა არის საკმაოდ ძველი პროექტი და დაახლოებით 1970-1980-იან წლებში იყო დაპროექტებული.

ვიდრე რუსეთი რაიმე ახალ პროექტებზე, გზებსა და დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია, შეასრულოს 2008 წელს მიღწეული შეთანხმება, დაპირებები და გაიყვანონ პირველ რიგში რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან“.

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ბოლო წლებში არაერთხელ წამოწია საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი. 2019 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთიდან ჩეჩნეთის გავლით გზის მშენებლობა მიზანშეწონილია, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ეს ტრანსპორტის სამინისტროს გეგმებში არ შედიოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]