weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

კადიროვი უკრაინაში მებრძოლ იჩქერიის მომხრეებს სისხლის აღებით ემუქრება

10:34 ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2022

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი სისხლის აღებით ემუქრება იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

„ნოხჩალას კოდექსზე [„ღირსების კოდექსი“] უარი არავის უთქვამს. ამიტომ, მინდა, გითხრათ, რომ სპეცოპერაცია დასრულდება თუ არ დასრულდება, ჩვენ მთელი ცხოვრება გდევნით და გაგანადგურებთ. თითოეული ჩვენი მოკლული ძმისთვის ათასობით მოგკლავთ. ჩეჩნურად მოსაუბრე შაითანებს კიდევ მინდა ვუთხრა: თქვენი ადგილი მანდაა. ჩვენ აქედან წიხლის კვრით გაგყარეთ და ამის შემდეგ ამბობთ, რომ მეომრები ხართ, რომ რაღაცას დაიცავთ. თქვენ ვერ შეძელით თქვენი იდეის, თუ ის გაქვთ, თქვენი რესპუბლიკის, სამშობლოს დაცვა და როგორ შეძლებთ სხვების სამშობლოს დაცვას?! სასაცილოა თქვენზე ლაპარაკი, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, რომ შურისძიება სასტიკი იქნება“, - განაცხადა კადიროვმა თავის ტელეგრამ არხზე.

რამზან კადიროვმა იმ სახელმწიფოებსაც მიმართა, რომლებიც არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებს იღებენ ან მომავალში მიიღებენ: „თუ ძმა ძმის გამო თავის მოსისხლეს მოკლავს, ან შვილი მოკლავს მამის, დედის, დის გამო შაითან-ტერორისტს, თუ ამას ჩათვლით მკვლელობად, დანაშაულად, კეთილი ინებეთ და დეპორტაცია გაუკეთეთ, გადმოგვეცით ეს შაითან-ტერორისტები. ისე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, თვალს ვადევნებთ და გავანადგურებთ“.

კადიროვის თქმით, სისხლის აღება შუასაუკუნეების გადმონაშთი არ არის, როგორც „ევროპელ ლიბერალებს შეცდომით წარმოუდგენიათ“.

„ეს ერთადერთი და ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტია აგრესიის და უგუნურების შესაკავებლად, რომელმაც ნულამდე დაიყვანა განზრახ მკვლელობის თეორიული შესაძლებლობაც კი. შეიძლებოდა სისხლის აღება ზელენსკისთვისაც გამოგვეცხადებინა, მაგრამ მისი ქმედებებისა და განცხადებების გაანალიზებისას მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის დასავლეთის მძევალია და იძულებულია სხვისი ბრძანებები შეასრულოს“,- ამბობს კადიროვი.

უკრაინის მხარეს 2014 წლიდან იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის და შეიხ მანსურის სახელობის მოხალისეთა ორი ბატალიონი იბრძვის. ივლისში იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებმა რამზან კადიროვს და მის რეჟიმს ჯიჰადი გამოუცხადეს. გარდა ამისა, იჩქერიის მეორე პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ვაჟმა, ანზორ მასხადოვმა და შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის სპიკერმა, ისლამ ბელოკიევმა ჩეჩნეთში იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობის მზადების შესახებ განაცხადეს. მათი თქმით, მომზადების მიზანი „იჩქერიის დეოკუპაცია და დამოუკიდებლობაა“.

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებას ითხოვენ. შესაბამისი დადგენილების პროექტი უკრაინის რადაში 12 ივლისს შევიდა.

„ჩეჩენი ხალხის დასამორჩილებლად კრემლმა აწარმოა ორი ომი, ჩაიდინა ძალადობრივი მკვლელობები, გენოციდი, დანიშნა თავისი მორჩილი რამზან კადიროვი, რომელიც აგრძელებს ტერორის პოლიტიკას. ორი ომის განმავლობაში რუსეთის მიერ მასობრივი დაბომბვის შედეგად ქალაქები არგუნი და გროზნო თითქმის მთლიანად განადგურდა (როგორიც მარიუპოლი, სევეროდონეცკი და უკრაინის ათობით სხვა ქალაქი), რაც ასევე მიზნად ისახავდა ამ ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას. იჩქერიის მეომრები ახლა უკვე უკრაინას ეხმარებიან რუსეთთან ომში ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ოლექსი გონჩარენკომ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]