weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმიამ ქალაქ ლაჩინზე კონტროლი დაამყარა

14:53 პარასკევი, 26 აგვისტო 2022

აზერბაიჯანის არმიამ ქალაქ ლაჩინზე და სოფლებზე - ზაბუხსა და სუსზე კონტროლი დაამყარა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ლაჩინის (სომხური სახელწოდება „ბერძორი“) ცენტრში აზერბაიჯანის დროშაა აღმართული.

„დღეს, 26 აგვისტოს, აზერბაიჯანელებმა ქალაქი ლაჩინი დავიბრუნეთ. აზერბაიჯანული არმია ქალაქში განლაგდა. სოფლები - ზაბუხი და სუსი კონტროლს ექვემდებარებიან. ვულოცავ ყველა ლაჩინელს და აზერბიჯანელ ხალხს ამ მოვლენას. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!“, - დაწერა ილჰამ ალიევმა Twitter-ზე.

ლაჩინი, ზარბუხი (აღავნო) და სუსი 1992 წლიდან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ კონტროლდებოდა. ამ დასახლებულ პუნქტებზე გადის ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. 2020 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯნის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, ლაჩინის რაიონი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, 5 კილომეტრიან დერეფანზე კი კონტროლს რუსი სამშვიდობოები ახორციელებდნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ააშენებდნენ ლაჩინის დერეფნის ალტერნატიულ გზას, რომელიც ქალაქ ლაჩინს გვერდს აუვლიდა.

მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლაჩინის შემოვლითი გზის მშენებლობა დაასრულეს, სომხური მხარის ინფორმაციით კი, მათი მონაკვეთის მშენებლობა ჯერ დაწყებული არ ჰქოდათ. ბაქომ ერევანი მშენებლობის განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა. ამ ფონზე მთიან ყარაბაღში ვითარება დაძაბული იყო. 5 აგვისტოს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრი ზაბუხის, სუსისა და ლაჩინის მცხოვრებლებს შეხვდა და შეატყბინა, რომ 25 აგვისტომდე საცხოვრებელი სახლები უნდა დაეტოვებინათ, რადგან ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცეოდა. ამ ინფორმაციას ლაჩინში საპროტესტო აქციაც მოჰყვა.

12 აგვისტოს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ლაჩინიდან და აღნიშნული ორი სოფლიდან „უკანონოდ ჩასახლებულ“ ხალხი თავისი ნებით უნდა წასულიყო. როგორც ალიევმა თქვა, იქ აზერბაიჯანული ოჯახების დასახლება იგეგმება, რომლებმაც ეს ადგილები 1990-იან წლებში დატოვეს.

ლაჩინის შემოვლითი გზის გახსნა ერთ კვირაში იგეგმება. როგორც აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, სალეჰ მამედოვმა განაცხადა, ალტერნატიული გზა ათი თვის განმავლობაში აშენდა. 22 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, 10 კილომეტრი კი სომხეთში.

„რადგან სომხეთმა 10-კილომეტრიანი გზის მშენებლობა არ დაასრულა, ყარაბაღში მცხოვრები სომხების მოთხოვნით, აზერბაიჯანულმა მხარემ 4.8-კილომეტრიანი დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც განახორციელა. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ახალი გზის გამოყენებით, ქალაქ ლაჩინში შესვლის გარეშე, ყარაბაღის სომხებს შეეძლებათ გამგზავრება ხანქენდში და სხვა რეგიონებში“, – განაცხადა მამედოვმა.

31 აგვისტოს, ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]