weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ინგუშეთში სავარაუდოდ დოკუ უმაროვის ნეშტი იპოვეს

23:59 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

ინგუშეთის მთებში სავარაუდოდ "კავკასიის ემირატის" ლიდერის, დოკუ უმაროვის ნეშტი აღმოაჩინეს, რომელიც მოსკოვში ექსპერტიზის ჩასატარებლად არის გადატანილი. რუსული მედიის ინფორმაციით, იმავე ადგილას აღმოჩენილია უმაროვის ოთხი მცველის ცხედრებიც.

რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული "კავკასიის ემირატის" დამფუძნებელის, დოკუ უმაროვის ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ სამართალდამცავებს იმ მამაკაცმა აცნობა, რომელიც სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული და რომლის თქმითაც, უმაროვის დაკრძალვას პირადად ესწრებოდა. მედიის ცნობით, სასჯელის შემსუბუქების მიზნით მან გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო.

დოკუ უმაროვის ლიკვიდაციის თარიღის შესახებ ცნობები პერიოდულად ვრცელდებოდა. 2011 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ინგუშეთში, რუსული სპეცსამსახურების მიერ იქნა მოკლული. 2013 წლის დეკემბერში ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ დოკუ უმაროვი "დიდი ხანია მკვდარია". 2014 წლის იანვარში მან დააკონკრეტა, რომ უმაროვი ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს მოკლეს. იმავე წლის აპრილში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ "უმაროვის საქმიანობა 2014 წლის პირველ კვარტალში გაანეიტრალეს". 19 ივლისს რამზან კადიროვმა "ინსტაგრამზე" დოკუ უმაროვის ცხედრის ფოტო გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მედიაში გავრცელდა მისი დაკრძალვის კადრებიც. თუმცა სამართალდამცავებმა ტერორისტს ცხედარს ვერ მიაგნეს.

ჩრდილოეთ კავკასიის მებრძოლებმა დოკუ უმაროვის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობები 2014 წლის 18 მარტს დაადასტურეს. მათი განცხადებით, უმაროვი არა სპეცოპერაციის დროს, არამედ საკვებით მოწამვლის შედეგად მოკვდა. "ბოევიკების" თქმით, დოკუ უმაროვი და მისი ოთხი თანამებრძოლი ინგუშეთის მცხოვრებისგან მიღებულმა საკვებმა იმსხვერპლა. უმაროვის დაკრძალვის ვიდეოში მამაკაცი, რომელიც თავს ამირ ხამზათს უწოდებდა, ამბობდა, რომ "კავკასიის ემირატის" ლიდერი 2013 წლის 7 სექტემბერს მოკვდა.

დოკუ უმაროვმა პასუხისმგებლობა აიღო 2011 წლის 24 იანვარს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე, რის შედეგადაც 36 ადამიანი დაიღუპა და 2010 წელს მოსკოვის მეტროში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილ აფეთქებაზე, რომელსაც 39 ადამიანი ემსხვერპლა. უმაროვმა განაცხადა, რომ 2009 წელს შეუკვეთა მოსკოვი-სანკტ პეტერსბურგის მატარებელში აფეთქებაც, რომელმაც 26 ადამიანი იმსხვერპლა. ის ასევე მოუწოდებდა "ბოევიკებს" ყველა ხერხით ჩაეშალათ 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშები.

დოკუ უმაროვი 1964 წელს ჩეჩნეთში დაიბადა. 1996-1999 წლებში, დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში, ის ჩეჩნეთის უშიშროების მინისტრი იყო. 2002 წელს ის შეიარაღებული ამბოხებულების "სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის" მეთაური გახდა და როგორც ცნობილია, დაახლოებით ათას მებრძოლს ხელმძღვანელობდა. რუსული უშიშროების სამსახური მას 2004 წელს ბესლანის სკოლაზე მომხდარ თავდასხმაში ადანაშაულებდა, რომელსაც დაახლოებით სამასი ადამიანი ემსხვერპლა. უმაროვი თვითგამოცხადებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტად 2006 წლის ივნისში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც წინამორბედი თვითგამოცხადებული პრეზიდენტი აბდულ ხაკიმ სადულაევი მოკლეს. "კავკასიის იმირატი" მან 2007 წელს შექმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]