საარჩევნო ბლოკს „წარუკიანი“, რომელსაც პრორუსულად განწყობილი ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანი მეთაურობს, 27,32%-ანი მხარდაჭერა აქვს. მესამე ადგილზე გავიდა ოპოზიციური ბლოკი „ელკ“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 7,77% მიიღო. 6,57%-ანი მხარდაჭერა მოიპოვა პარტიამ „დაშნაკცუთიუნი“.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობდა. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების სულ მცირე 5% უნდა მოეპოვებინათ, ხოლო სააჩევნო ბლოკებს 7%.
არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიიდან მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატები“ და „ელკ“ უჭერენ მხარს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და ევრაზიის ეკონომიკურ ზონაში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიან. დანარჩენი პარტიები და საარჩევნო ბლოკები კი რუსეთის მოკავშირეობას ემხრობიან.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნები გააკრიტიკა ეუთომ. ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნები კარგად იყო ორგანიზაებული, თუმცა მისი სანდოობა ამომრჩევლებზე ზეწოლისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციებით შეილახა.
„არსებობდა დადასტურებული ინფორმაციები ხმების მოსყიდვის, საჯარო მოხელეებზე, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებზე ზეწოლის შესახებ. ასევე, ვრცელდებოდა ცნობები კონკრეტული პარტიისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ამომრჩეველთა დაშინების თაობაზე. ყოველივე ამან საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა გამოიწვია“, - ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები სომხეთში პირველად გაიმართა მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. პირველად არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდა.
სომხეთში ხმის მიცემის უფლებით 2,5 მილიონი ამომრჩეველი სარგებლობს. ამ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 60%-ს გადააჭარბა.