"კომსომოლსკაია პრავდას" ინფორმაციით, ლეოპარდი ზარამაგის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე გამოჩნდა. როგორც "როსჰიდროში" განაცხადეს, ეს მტაცებელი ცხოველი 1950-იან წლებში რუსეთის ტერიტორიაზე ოთხჯერ ნახეს, აქედან სამი შემთხვევა სწორედ ამ რეგიონში დაფიქსირდა.
"მტაცებელი ჰიდროელექტროსადგურს ბუნებრივ აუზად მიიჩნევს და ამიტომაც ჩნდება მის სიახლოვეს. ვიდეო-კამერებს დაფიქსირებული აქვთ არა მხოლოდ ლეოპარდი, არამედ ჯიხვები და არჩვები, რომლებიც ამ მტაცებლის საკვებ ბაზაში შედიან. ასეთი დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები ძალიან მნიშვნელოვანია ოსეთში ამ სახეობის აღსადგენად", - განაცხადა მეცნიერმა ანნა აჩმენნიკოვამ.
მეცნიერები წლის ბოლომდე ჰესის ტერიტორიაზე ახალი კამერების დამონტაჟებას გეგმავენ, რათა უფრო მეტი გაიგონ წითელ ნუსხაში შესული მტაცებელი ცხოველის ცხოვრებისა და გადაადგილების შესახებ.
კავკასიური ლეოპარდი, რომელიც ასევე ცნობილია სპარსული ლეოპარდის სახელით, საქართველოში კი მას "ჯიქსაც" უწოდებენ, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის მთიან რეგიონებში წარსულში გავრცელებული სახეობა იყო. თუმცა, მათმა რიცხვმა საგრძნობლად იკლო მე-20 საუკუნეში.
საქართველოში ერთი ინდივიდი მონადირეებმა 1954 წელს, საგურამოს ქედზე მოკლეს. მას შემდეგ საქართველოში ლეოპარდის არსებობის ფაქტი აღარ დადასტურებულა. თუმცა, არსებობს ცნობები, რომ 1980-იან წლებამდე ის ნახეს ფშავ-ხევსურეთში.
სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა "ნაკრესმა" ლეოპარდის კვალს 2003 წელს ვაშლოვანში მიაგნო, სადაც ის ფოტოხაფანგის ფირზეც აღიბეჭდა. ორგანიზაციამ კვლევა თუშეთშიც ჩაატარა, თუმცა ფოტოხაფანგებმა ლეოპარდი ვერ დააფიქსირეს.
2013-2014 წლებში ლეოპარდი დაფიქსირდა თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე.