სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ორდენის გადაცემის შესახებ კადიროვმა ჩეჩნურ სოციალურ ქსელში Mylistory-ში დაწერა. მისი თქმით, ზალდასტანოვს ჯილდო სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა და ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა გადასცეს.
„ზალდასტანოვი პირველი მიდის იქ, სადაც რთულია მისვლა, სადაც საჭიროა საჯაროდ აზრის გამოთქმა და მამულისადმი ნამდვილი სიყვარულის დემონსტრირება. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ. ხანდახან, მოტოკლუბის წევრებთან ერთად, ჩეჩნეთის ქუჩებში ერთამენთს ვეჯიბრებით“, - ამბობს კადიროვი.
ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის ორდენი, მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ, 2004 წელს დაწესდა. ორდენით იმ პირებს აჯილდოვებენ, ვისაც ჩეჩნეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვთ. 60-გრამიანი ოქროს ნაკეთობა ძოწის, საფირონისა და ბრილიანტის თვლებით არის გაფორმებული.
„ღამის მგლები“ (Ночные волки) 1980-იან წლებში ჩამოყალიბდა. რამზან კადიროვი კი კლუბის წევრი 2014 წლიდანაა. კლუბი რუსეთის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია. თავად ზალდასტანოვს 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან ღირსების ორდენი აქვს მიღებული.
2017 წელს „ღამის მგლები“ საქართველოში შემოსვლას და 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოტორბოლის მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა საქართველოში არ შემოუშვეს. გასულ წელსვე, კლუბი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩავიდა, სადაც ალექსანდრ ზალდასტანოვმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მოტოციკლი აჩუქა.