ე.წ. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საჰაერო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათივე განცხადებით, აზებაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება, ხოლო შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება აზერბაიჯანულმა მხარემაც გააკეთა და სომხეთი ფრონტის ხაზზე მდგომარეობის გამწვავების მიზნით, პროვოკაციული მოქმედებების გაგრძელებაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ კონფლიქტის ზონაში სომხეთის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა და პირადი შემადგენლობა გაანადგურეს.
„სომხეთის საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ოსა“ სამხედროებმა ახალ პოზიციაზე გადაიყვანეს და საჰაერო სივრცეზე კონტროლის დამყარება სცადეს. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში 5 სამხედროა, შეუძლია სამიზნე 45 კილომეტრის რადიუსში აღმოაჩინოს და 9 კილომეტრის დაშორებით გაანადგუროს“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის და პირადი შემადგენლობის განადგურება აზერბაიჯანის საფრენი აპარატების დაცვის მიზნით მოხდა.
2016 წლის აპრილში გამოცხადებული ზავის მიუხედავად, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლი არ წყდება. 1990-იან წლებში დაწყებული კონფლიქტის განმავლობაში დაახლოებით 30 ათასი ადამიანია დაღუპული.