„2018 წელს თბილისსა და გროზნოს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყება. საერთო ჯამში, ვგეგმავთ, რომ აპრილში გაჩნდეს ახალი მარშრუტები, მათ შორის დუბაის და ამანის მიმართულებით. ასევე, იგეგმება ახალი ავიარეისები გროზნოსა და ისეთ ქალაქებს შორის როგორიც არის სოჭი, დონის როსტოვი და სიმფეროპოლი“, - ამბობს გროზნოს აეროპორტის დირექტორი.
TASS-ის ცნობით, 2017 წელს გროზნოდან რეგულარული ავიარეისები დაინიშნა სტამბოლის, მიუნხენისა და პეტერბურგის მიმართულებით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს.
ოფიციალური ინფორმაციით, გროზნოს საერთაშორისო აეროპორტი 5 ავიაკომპანიის რეისებს იღებს. რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ავიარეისებს ასრულებს ავიაკომპანია „გროზნი ავია“, რომელიც 2007 წელს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა. 2014 წლიდან კომპანია ბაზირებულია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლშიც.