შარმაზანოვის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილ პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანთან, მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, კარენ კარაპეტიანთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.
„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს სომხეთისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა შარმაზანოვმა და დაამატა, რომ რესპუბლიკური პარტია 1-ელ მაისამდე განიხილავს პრემიერ-მინისტრობის შეთავაზებულ კანდიდატურებს, შემდეგ კი, პარლამენტის სპეციალურ სხდომაზე მთავრობის მეთაურს აირჩევენ.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილი ერთ-ერთი კანდიდატი საპროტესტო მოძრაობის ლიდერი და პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ ხელმძღვანელი ნიკოლ პაშინიანია.
„ეს გადაწყვეტილება ცუდი არ არის, მაგრამ არც მთლად კარგია. კარგი იქნებოდა, თუ რესპუბლიკური პარტია სხვა ფრაქციებთან ერთად პრემიერ-მინისტრობის „სახალხო“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს“, - ციტირებს „რადიო თავისუფლება“ ნიკოლ პაშინიანის კომენტარს.
პაშინიანის თქმით, ის მზად არის შეხვდეს რესპუბლიკურ პარტიას და აუხსნას, რომ სხვა ოპოზიციურ ფრაქციებთან გაერთიანებით „ისტორიაული მიღწევის“ მონაწილე გახდება. იმ შემთხვევაში კი, თუ რესპუბლიკური პარტიის წევრები მხარს არ დაუჭერენ „სახალხო კანდიდატს“, მათი ადგილი სომხურ პოლიტიკაში არ იქნება.
უკვე ცნობილია, რომ ბლოკ „წარუკიანს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ეყოლება და მისი წევრები მხარს პაშინიანს დაუჭერენ.