სომხეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დახვდა. მისი თქმით, ძალიან სასიამოვნოა, რომ პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები ესეთი მაღალი დონის დელეგაციებით სტუმრობენ თბილისს, რათა საქართველოსთან ერთად იზეიმონ პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი.
„რამდენიმე დღეში ჩვენი სომეხი მეგობრებიც ასევე იზეიმებენ თავიანთი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. მათაც ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ერთად, თანამშრომლობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია და სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. არმენ სარქისიანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.
არმენ სარქისიანი, რომელიც წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი იყო, სომხეთის პრეზიდენტად ორი თვის წინ აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე სერჟ სარგსიანი შეცვალა.