weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ჩეჩნეთის და ინგუშეთის მეთაურებმა საზღვრის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

22:48 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

ჩეჩნეთის და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიზანი რუსეთის ფედერაციაში შემავალ ორ სუბიექტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენაა.

ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაშლის შემდეგ რეგიონებს შორის საზღვარი ზუსტად განსაზღვრული არ იყო.

შეთანხმება ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში 26 სექტემბერს გაფორმდა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, დოკუმენტის თანახმად, ჩეჩნეთმა და ინგუშეთმა ერთმანეთში გაცვალეს ჩეჩნეთის ნადტერეჩნის და ინგუშეთის სუნჯის რაიონებში არსებული, თანაბარი ზომის დაუსახლებელი ტერიტორიები. ინგუშეთის რესპუბლიკამ ნადტერეჩნის რაიონის ნაწილი - მთიანი და ტყიანი ადგილი მიიღო, რის სანაცვლოდაც ჩეჩნეთს სუნჯის რაიონის საზღვართან იგივე ზომის ტერიტორია გადასცა.

ინგუშეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, იუნუს-ბეკ ევკუროვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკას შორის სასაზღვრო საკონტროლო პოსტები არ იქნება, რაც მათ შორის ურთიერთობას განამტკიცებს.

„დღეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებისთვის, არამედ მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთისთვის. ყველამ ვიცით, რომ ათწლეულების განმავლობაში არსებობდა სადაო მიწის გამო კონფლიქტები, რომლებიც სხვადასხვა დროს ამა თუ იმ სახით რეგულირდებოდა სახელმწიფოების მიერ. დღეს პრეცედენტი მოხდა: ორი მხარე, რუსეთის ფედერაციის ორი სუბიექტი - ჩეჩნეთი და ინგუშეთი - დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და საკუთარი ხალხის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრებით, განსაზღვრეს საზღვარი რეგიონებს, ორ მოძმე ერს შორის. ჩვენ შევძელით კონფლიქტების და შესაძლო სისხლისღვრის თავიდან აცილება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი დადგინდება, ის არ გახდება დაბრკოლების მიზეზი, პირიქით, ხელს შეუწყობს ორი რესპუბლიკის ეკონომიკურ ინტეგრაციას, მეგობრობისა და ძმობის განმტკიცებას“, - განაცხადა ინგუშეთს მეთაურმა.

„ამ დრომდე რუსეთის ორ სუბიექტს შორის იურიდიულად გაფორმებული საზღვარი არ ყოფილა. ვაინახების მტრებს ეს სხვადასხვა პოლიტიკური პროვოკაციული სპეკულაციების საშუალებას აძლევდა. საზღვრების დადგენა ახალი ნაბიჯია ვაინახი ხალხის მეგობრობისა და ერთიანობის გზაზე გადადგმული. ხაზი გაევლება ორ სუბიექტს შორის და არა ჩეჩენ და ინგუშ ხალხს შორის. მე პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ვართ ერთიანი! ჩვენ ვართ ძმები, ჩვენ ვართ ვაინახი ხალხი! ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვისაც თავში მოუვა ჩეჩენი ან ინგუში ხალხის ღირსების შელახვა“, - განაცხადა კადიროვმა.

გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, საზღვრების შესახებ შეთანხმებას ხელი ფაქტობრივად საიდუმლო ვითარებაში, მაგასში და სუნჯის რაიონში ჩეჩნეთისთვის მიწების გადაცემის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე მოაწერეს. დილით მაგასში რუსეთის ნაციონალური გვარდია შეიყვანეს, მობილიზებული იყო პოლიცია და შეზღუდეს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა.  

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]