weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინგუშეთის ლიდერი - ჩვენ არასოდეს ვიქნებით ევროპელები, ევროპული მხოლოდ ევრორემონტი გვაქვს

16:00 ორშაბათი, 12 ივნისი 2017
ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი

ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა Russia Today-სთან ინტერვიუში ინგუშეთსა და ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიაში ჰომოსექსუალების შევიწროების საკითხზე ისაუბრა. ევკუროვის განცხადებით, ინგუშეთში ლგბტ თემის წარმომადგენლები არ არიან. მას მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალობა ევროპული ტრადიციების ნაწილია.

„თუ ევროპას აქვს თავისი ღირებულებები, ისინი დღეს არ გაჩენილან. მგონია, რომ ლგბტ ადამიანები ადრეც არსებობდნენ. ეს მათი ტრადიციაა. ასეთი გაგება კავკასიისთვის, რუსეთისა და მთლიანად სლავებისთვის არ არსებობოს. ასეთი ტრადიციები არასდროს გვქონია. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ევროპელები. მენტალიტეტით ევროპელები ვერ ვიქნებით. ევროპული ჩვენ მხოლოდ ევრორემონტი გვაქვს“, - აღნიშნა ევკუროვმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - დაიცავდით თუ არა ჰომოსექსუალების უფლებებს, თქვენს ქვეყანაში რომ არსებობდნენ, ევკუროვმა განაცხადა, რომ ასეთ ადამიანებს უმკურნალებდა.

„რატომ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, როდესაც ისინი [ჰომოსექსუალები] ჩვენთან არ არიან. გვაჩვენეთ ერთი მაინც. ასეთ ადამიანს ჩვენთან სამკურნალოდ გავგზავნიდით იმიტომ, რომ ეს ავადმყოფობა მგონია. თუ ასეთი ადამიანები გაჩნდებიან, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ახლა მზად არ ვარ გითხრათ, თუ როგორ მოვიქცეოდი ასეთ შემთხვევაში“, - განაცხადა ინგუშეთის პრეზიდენტმა.

ჩრდილოეთ კავკასიაში ჰომოსექსუალების შევიწროების შესახებ მიმდინარე წლის აპრილში დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ წერდა. გამოცემის ინფორმაციით, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალობაში ეჭვმიტანილი ასზე მეტი მამაკაცი დააკავეს, სულ მცირე 3 კი მოკლეს. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა გავრცელებული ცნობები არაერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში თავად მოვლენა სახელწოდებით არატრადიციული ორიენტაცია არ არსებობს.

ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დევნასა და წამებას სპეციალური ანგარიში მიუძღვნა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა. ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ გეების შევიწროებას პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი ხელმძღვანელობდა.

ჩეჩნეთში გეების უფლებების დარღვევის გამოძიებისკენ რუსეთს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, ევროპარლამენტმა და ევროპული ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]