კომპანიის განცხადებით, ნოემბერში მდინარე ნენსკრაზე 100 ტონა ტვირთამწეობის მქონე ორი ხიდის მშენებლობა დაიწყება. „ნენსკრა ჰიდრო“ გეგმავს, რომ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დაასრულოს.
ამავდროულად „ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობს პროექტში ახალი მშენებელი კომპანიის ჩართვაზე. როგორც ცნობილია, წინა კონტრაქტორმა, იტალიურმა კომპანია „სალინი იმპრეჯილომ“ პროექტი დატოვა.
ნენსკრა ჰესი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება. ჰიდროელექტროსადგური წელიწადში დაახლოებით 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება, რაც ზამთრის სეზონის განმავლობაში ენერგიის იმპორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
2018 წლის იანვრის ბოლოს, „ნენსკრა ჰიდროს“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 214 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი დაუმტკიცა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია.
სვანეთის მცხოვრებლები ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს მესტიასა და თბილისში. რამდენიმე თვის წინ სვანეთში ჰესების მშენებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება სვანეთის საერთო კრება - ლალხორზე მიიღეს, რომელსაც ყველა თემის წარმომადგენელი ესწრებოდა. ლალხორმა მოითხოვა, რომ სახელმწიფომ, გაერომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სვანები სვანეთის მკვიდრ მოსახლეობად აღიარონ და მათთან შეთანხმების გარეშე არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელდეს.