ამ საკითხზე საუბრისას მინისტრმა განმარტა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება პროექტები, რომელთა ღირებულება 50 000 ლარი და მეტია, მაგრამ ხშირად სოფლებში მცირე პროექტების საჭიროებაც არის. მან ამის მაგალითად სკვერების მოწესრიგება, უბნის კეთილმოწყობა, სანიაღვრეების გაწმენდა და სხვა მცირე სამუშაოები დაასახელა.
„პროგრამა აღდგა, თუმცა არა იმ მასშტაბით, რაც ადრე იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, ეს პროგრამა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მივმართეთ, რაც მის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ბიუჯეტი 20 მილიონია. აუთვისებლობის შემთხვევაში, პროექტების სიმცირის შემთხვევაში, თანხა ისევ რეგიონული განვითარების ფონდს დაუბრუნდება“, – განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამის დეტალები საკითხის განხილვისას კიდევ უფრო დაზუსტდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსებას ხმარდებოდა. კერძოდ, თანხა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის და სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად გამოიყოფოდა. 2009-2011 წლებში პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად 40 მილიონი ლარით განისაზღვრებოდა, 2012 წლიდან კი ფინანსური რესურსი 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
პროგრამის მთავარი დანიშნულება სოფლების დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის უნარების განვითარებაც იყო. ეს გულისხმობდა დასაფინანსებელ პრიორიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას სოფლის კრებებზე. გამოყოფილი თანხის ხარჯვას კი მუნიციპალიტეტები ახორციელებდნენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2016 წელს გაუქმდა.