weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა უცხოელების მიერ ქართული მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა

12:49 შაბათი, 17 ივნისი 2017

პარლამენტმა 87 ხმით არცერთის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ მორატორიუმი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე იქნება ძალაში.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობა იყო. მათი განმარტებით, მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე არსებული საფრთხეებით არის განპირობებული.

„აქ საქმე ეხება ეროვნული ინტერესების დაცვას. იმას, რომ მიწა არის განსაკუთრებული რესურსი. ეს დეფინიცია იწერება კონსტიტუციის პროექტში, რომელიც შემდგომში კონსტიტუციაში იქნება ასახული. სანამ მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მანამდე გადავწყვიტეთ, რომ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქლაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა ანრი ოხანაშვილმა.

მორატორიუმის გამოცხადების წინააღმდეგი იყო საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მიღებული კანონის მიზანი საარჩევნო პროცესში მოსახლეობის ჩართვა და მათ გრძნობებზე თამაშია.

„ამბობენ, რომ ერთ თვეში მიიღებენ კონსტიტუციას და კონსტიტუციით აკრძალავენ მიწის გაყიდვას უცხოელებზე და კონსტიტუციის მიღებამდე მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს მიწების გაყიდვას კონსტიტუციის მიღებამდე. ანუ ერთი თვით მიიღეს კანონი. ეს ხომ აბსურდია. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ შექმნან დაძაბულობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სერგო რატიანი კი მიიჩნევს, რომ მორატორიუმი ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.

„ეს კანონი ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას გაასხვისოს მიწა და გაასხვისოს ვისზეც უნდა. თავისთავად პოპულისტური საფუძვლით უკრძალავენ მოქალაქეებს და აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს და ეს შეზღუდვები პირველ რიგში დაარტყამს ეკონომიკას“, - აღნიშნა რატიანმა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ინვესტიციის განხორციელებისას, უნარჩუნდებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით იჯარის სახით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება.

პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 8 ივნისს განაცხადა.

„ფორმულირება იქნება შემდეგი – სასოფლო-სამეურნეო მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მიწების უცხოელებზე გაყიდვაზე მორატორიუმი პირველად 2013 წელს გამოცხადდა. 2013 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც 2013 წლის 19 ივლისიდან ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენდნენ (ვერც მემკვიდრეობით მიიღებდნენ) უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. ეს უფლება აღნიშნულ პირებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე ჩამოერთვათ.

2014 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]