ოქტომბერში მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში. კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 335 094 მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი – 284 329 მგზავრი), ხოლო ათ თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა (2017 წელი – 2 724 740 მგზავრი).
ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 222 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 71%-ით მეტია. მგზავრთა ნაკადი კი 78%-ით გაიზარდა და 62 000 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ოქტომბერი – 34 874 მგზავრი).
რაც შეეხება ათი თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 512 386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით მეტია (2017 წლის 10 თვე – 359 961 მგზავრი).
2018 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 41 980 მგზავრმა ისარგებლა, რაც 11%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ოქტომბერი – 37 660 მგზავრი). იანვარ-ოქტომბერში აეროპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი 19%-ით გაიზარდა და 555 693 მგზავრი შეადგინა (2017 წელი – 466 010 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით 2018 წლის 10 თვეში 7601 მგზავრმა ისარგებლა. ამ პერიოდში ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 362 რეისი შესრულდა.