„ლარს რომ რაიმე სჭირდეს, ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იზრდებოდეს და ამასთან ერთად, სავაჭრო დეფიციტი ძალიან სწრაფად უნდა გვეზრდებოდეს, ან ამას რაღაც ეკონომიკური საფუძველი უნდა ჰქონდეს. ჩვენი ღრმა ანალიზის შედეგად, ეკონომიკურ საფუძველს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ლარის ერთი და ორი თეთრით გადახრაზე რეაქცია არ ჰქონდეს.
„დააკვირდით, ახლა რა მოხდა. ლარი უკვე გაძლიერდა და ნახეთ, ერთ კვირაში რა მოხდება. აბა, არჩევნების მერე ნახეთ, რა იქნება. არჩევნების მერე ლარი შეიძლება 2.7-ზე დაბლა ჩამოვარდეს.
მე თვითონ ევროები მქონდა ანგარიშზე, გადავახურდავე და ლარში მაქვს. ეს კომერციული საქციელია, რადგან მე ლარის მჯერა. მჯერა რომ გაძლიერდება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, თუ ამომრჩეველი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს და მას საშუალებას მისცემს, დაგეგმილი პროგრამა შეასრულოს, ეკონომიკის ზრდა იქნება არა 4,9-5%, რასაც დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, არამედ მთავრობას შეუძლია, ეს მაჩვენებელი წელიწადში 7–7.5%-მდე ასწიოს.
„მაშინ, ლარზე იქნება ძალიან დიდი ზეწოლა, რომ გაძლიერდეს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.