„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეობით უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, მთავრობის მიდგომაა, რომ ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი ზოგადად იქნას დაძლეული: „შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მიდიოდეთ ვალების მომსახურებაში და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას“.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საბანკო და არასაბანკო სექტორთან მოლაპარაკებების შედეგად 600 ათასზე მეტ მოქალაქე ე.წ. შავი სიებიდან ამოვა. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს „შავ სიაში“ 700 ათასზე მეტი მოქალაქეა. როგორც მან თქვა, ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.