პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ ბახტაძემ უპასუხა შეკითხვას, რას გეგმავს ხელისუფლება იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუუმჯობესდეთ პენსიონრებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არ ხვდებიან, რადგან პენსიით აღებული სესხის დასაფარი თანხა პენსიიდან ეჭრებათ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე ისეთი რეგულაცია არსებობდეს, რომელიც პენსიონრების უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს და არ გამოიწვევს იმას, რაც დღეს ხშირად გვაქვს, როცა ფულადი სახსრების თვალსაზრისით, ჩვენი პენსიონრებისთვის თვიდან-თვემდე ჩამორჩენაა. ეს ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს ეხება და ეს სერიოზული გამოწვევაა. აქაც სერიოზული სამუშაოს ჩატარება გვჭირდება, რომ ჩვენს მოქალაქეებს კონკრეტული პროდუქტი შევთავაზოთ, მაგრამ ამ საკითხზე ვმუშაობთ და ძალიან მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები აქაც გვექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
19 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. პრემიერის თქმით, საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში, დაახლოებით, მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. მისივე განცხადებით, ეს პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.