„ვერ ვხედავ ამაში ამომრჩევლის მოსყიდვას. ჩვენ გვაქვს იმის დასაბუთება, რომ ეს ინიციატივა დიდი ხანი მზადდებოდა. თუ რომელიმე ორგანიზაცია უარს აცხადებს თანამშრომლობაზე ამ პროექტის ფარგლებში, მე არ მგონია და არ მჯერა იმისი, რომ ჩვენ შეიძლება დავაძალოთ, რომ ითანამშრომლოს. ეს არის ნებაყოფლობითი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გუშინ პროკურატურას მოუწოდა, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 600 000 მოქალაქეს ვალები გაუნულდება. ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევაა, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.
„ხელისუფლების მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და მიმართულია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურში ამომრჩეველთა გულის მოგებისკენ... მსგავსი მასშტაბის ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი საქართველოსთვის უპრეცენდენტოა. აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბებით უდავოდ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.