„Vivus-ი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მთელი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებები გრძელდებოდა. მე როგორც ვიცი, შეთანხმება მიღწეულია. Vivus-იც შემოუერთდება და ის ადამიანები, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ამ ინიციატივის სიკეთეებით ისარგებლებენ. Vivus -სა და „ქართუს“ შორის მიმდინარეობს ეს მოლაპარაკება, მემგონი, შედგა და Vivus-იც ჩაერთო ამ საერთო ფერხულში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა გადაცემაში „პირისპირ“.
19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება. პრემიერის თქმით, საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში, დაახლოებით, 1.5 მილიარდი ლარია. მისივე თქმით, ეს პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ვალს სრულად ფონდი „ქართუ“ დაფარავს. ვალების განულება შეეხება პირებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადაიხადეს კრედიტი და მათ მიერ აღებული სესხის ძირი თანხა 2 000 ლარს არ აღემატება. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ Vivus-თან ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა და შესაბამისად, ვალების ჩამოწერა ამ ორგანიზაციის მოვალეებს არ შეეხებოდათ.
Vivus-ის მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მათ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ვალების ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე დაუკავშირდნენ და ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე შეთავაზების გაკეთება სთხოვეს.
„ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე“, – აცხადებდა Vivus-ი.