weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

Wizz Air-სთვის შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება – ეკონომიკის სამინისტრო

15:01 სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზრიდან გაშვებას გეგმავს. როგორც ურუშაძემ განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა.

ვასო ურუშაძის თქმით, მთავრობა მგზავრთა გადაყვანების კომპონენტში კონკურენციის შეზღუდვას აპირებს.

„წყარომ გვაცნობა, რომ ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ხდებოდა ავიაკომპანია Wizz Air-ისთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება, სამოქალაქო ავიაციის დროებით ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

მინისტრის მიზანი იყო, არ დამტკიცებულიყო ავიაკომპანიის განრიგი, რაზეც მან უარი მიიღო. შემდეგ ეს გადაწყვეტილება გადაიდო არჩევნების გამო და მისი დასრულების შემდეგ კვლავ განახლდება.

რეალურად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, რომ ავიაკომპანია Wizz Air ქართული ბაზრიდან გაუშვას“, – აღნიშნა ურუშაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციის ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. სამინისტრო ირწმუნება, რომ ვასო ურუშაძის განცხადება დეზინფორმაციაა, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დესტაბილიზაციას ემსახურება.

„მსგავსი დეზინფორმაციის ტირაჟირება აზარალებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის ინტერესებს, არამედ უარყოფითად მოქმედებს ბიზნეს გარემოზე საქართველოში, ვნებს თითოეული მოქალაქის ინტერესებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ Wizz Air-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. პირიქით, ხდება Wizz Air-ის საქმიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლა ხორციელდება „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით, რომელიც 2010 წელს გაფორმდა.

„აღნიშნული შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, გამარტივებულია ქვეყნებს შორის საავიაციო ბაზარზე დაშვების პროცედურები, იგი ემყარება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს შეზღუდვები ავიაკომპანიების რაოდენობაზე, ფრენის სიხშირეებზე, ტარიფებზე, საჰარო ხომალდის ტიპებზე და დანიშნულების პუნქტებზე. ყოველგვარი ბრალდება რაიმე სახის შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა“, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

HUB Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით Wizz Air-ი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]