E 70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს
„გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. აღნიშნული პროექტი, გააერთიანებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში და 2020 წლისთვის, სამტრედიიდან–ჭოროხამდე, ჯამში 110 კმ-მდე ახალი გზა, საშუალებას მოგვცემს საკურორტო ზონების გვერდის ავლით ჩქაროსნული გზით ვიმგზავროთ“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, უსაფრთხო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას.