საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წელს პირველად ჩაატარა ქვეყანაში არსებული აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც 700-მდე აკვაკულტურის მეურნეობა გამოიკითხა. გამოკვლევას ექვემდებარებოდნენ შინამეურნეობები და იურიდიული პირები, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში სარგებლობაში ჰქონდათ აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევი და შესაბამისად, ეწეოდნენ აკვაკულტურის საქმიანობას. გამოკვლევის შედეგად მიღებულ იქნა აკვაკულტურის დარგის ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები, როგორიცაა წყალსატევებში არსებული და წარმოებული თევზის მოცულობა, რეალიზებული თევზის საშუალო ფასები, აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი და მისი სტრუქტურა.
გამოკვლევის შედეგად 2017 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი 4 309.0 ჰექტარით განისაზღვრა, საიდანაც ტბორების ფართობმა 2 224.6 ჰექტარი, აუზების ფართობმა - 27.6 ჰექტარი, ხოლო წყალსაცავების და ბუნებრივი წყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ფართობმა - 2 056.8 ჰექტარი შეადგინა.
2017 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებულია 2 041.7 ტონა თევზი, საიდანაც 57% მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 38.5% კობრისებრთა, ხოლო 3.7% - ზუთხისებრთა ოჯახს.
2017 წლის ბოლოსთვის აკვაკულტურისთვის განკუთვნილ წყალსატევებში თევზის საერთო მოცულობა 2 067.6 ტონით განისაზღვრა, საიდანაც 37.8% მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 51.5% კობრისებრთა, ხოლო 9.7% ზუთხისებრთა ოჯახს. აღსანიშნავია ისიც, რომ წყალსატევებში არსებულ ორაგულისებრთა მოცულობაში უდიდესი წილი (96.8%) ცისარტყელა კალმახზე მოდის.
2017 წელს საქართველოში კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი 8.6 ლარი იყო. კობრისა და სარკისებრი კობრის საშულო ფასი შედარებით დაბალია და 7.2 ლარს შეადგენს. რაც შეეხება თეთრი ამურის საშუალო ფასს, 5.7 ლარის ფარგლებშია, ხოლო თეთრი და ჭრელი სქელშუბლის საშუალო ფასი 3.3 ლარს არ აღემატება.