weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 269 მილიონი ლარით მცირდება

17:39 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018

მთავრობამ პარლამენტს „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესატანად კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 269 მილიონი ლარით მცირდება. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ვერ მოხერხდა ისეთი მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, როგორიცაა ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ქვეშეთი-კობის გზა.

კანონპროექტის მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 232.1 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია ჯამში 2.5 მლნ ლარით. საბიუჯეტო სახსრების ნაწილში სამინისტროს დაფინანსება იზრდება 43.5 მლნ ლარით, რაც მიიმართება გუდაურის სათხილამურო ინფრასტრუქტურის (ახალი საბაგიროების მონტაჟი) მოწყობის ხარჯებისთვის. ენერგეტიკის პროექტების დონორული დაფინანსება მცირდება 41,0 მლნ ლარით;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 262.5 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 12,3 მლნ ლარით ნაკლებია. საბიუჯეტო სახსრების ნაწილში ემატება 12,2 ლარი, მათ შორის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის, კერძოდ, სამინისტროს მიერ დამატებით შესასყიდი ტექნიკისთვის გათვალისწინებულია 5,0 მლნ ლარი. მიმდინარე წელს შემოყვანილი სოფლის მეურნეობის ტექნიკისთვის (კომბაინები) - 13.2 მლნ ლარი; სხვადასხვა პროგრამებში წარმოქმნილი ეკონომიები მცირდება 6,0 მლნ ლარით; დონორების დაფინანსების ფარგლებში ასიგნებები მცირდება 24,5 მლნ ლარით;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 1 546.0 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით მცირდება 269 მლნ ლარით.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, გასათვალისწინებელია, რომ 2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში.

რიკოთის მონაკვეთის 4 კომპონენტიდან მიმდინარე წელს პირველი ტრანშები გადაირიცხება ორ მონაკვეთზე. ზოგიერთი პროექტის შესრულების ვადების გადაწევასთან ერთად, ბიუჯეტში ხდება ამ პროექტებისთვის დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების კორექტირებაც.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განკარგვაში არსებული პროგრამული კოდების დაფინანსება ჯამურად იზრდება 17.5 მლნ ლარით, მათ შორის: განათლების ნაწილში საბიუჯეტო სახსრები იზრდება 10 მლნ ლარით სასწავლო გრანტების დაფინანსებისათვის. ამავე ოდენობით მცირდება დონორის დაფინანსებული პროექტი ენერგოეფექტური სკოლების რეაბილიტაციის ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული პროექტის განმახორციელებლად განისაზღვრა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად.

სპორტის დაფინანსების ნაწილში დაფინანსება იზრდება 17.5 მლნ ლარით და განისაზღვრება 302.8 მლნ ლარით. დაფინანსება იზრდება სპორტსმენთა მიერ 2018 წელს მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე გასაცემი ფულადი ჯილდოების დასაფინანსებლად. დამატებით 3,0 მლნ ლარი გამოეყოფა რაგბის ხელშეწყობას, ხოლო 1,0 მლნ ლარი კალათბურთის ხელშეწყობის ღონისძიებებს;

45 მლნ ლარი გამოიყოფა დევნილთა სახლების შესაძენად, რითიც 500-ზე მეტი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება იზრდება 21 მლნ ლარით და განისაზღვრა 142.0 მლნ ლარით. დამატებითი თანხის გამოყოფა ხორციელდება სტრასბურგსა და ლონდონში საქართველოს დიპლომატიური მისიებისთვის შენობების შეძენის ხარჯების, ასევე საელჩოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 27.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 596.6 მლნ ლარით, მათ შორის 17 მლნ ლარით იზრდება სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა მიმდინარე ხარჯები, ხოლო 10 მლნ ლარით სამინისტროს ინფრასტრუქტურული ნაწილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება იზრდება 4.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 86.2 მლნ ლარით. დაფინანსება იზრდება სამსახურის აღჭურვისთვის. ასევე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ნაწილობრივ დასაფინანსებლად;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 3 მლნ ლარით სამსახურის აღჭურვის ხარჯებისთვის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 5 მლნ ლარით და განისაზღვრება 807.0 მლნ ლარით. დაფინანსება გათვალისწინებულია მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის დაფინანსება სამსახურის აღჭურვისთვის იზრდება 1 მლნ ლარით და განისზღვრება 56.5 მლნ ლარით;

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები იზრდება 40.0 მლნ ლარის ოდენობით და განისაზღვრება 300.0 მლნ ლარით. აღნიშნული თანხა მიიმართება მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების დასაფინანსებლად. ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული ახალი პროექტების დაფინანსება.

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები იზრდება 10 მლნ ლარით და განისაზღვრება 60 მლნ ლარით. ზრდა ძირითადად გამოწვეულია არჩევნების II ტურის დაფინანსების, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში 10%-ზე მეტი ხმების მიმღები სუბიექტებისთვის საარჩევნო კოდექსით განსაზრვრული თანხების ანაზღაურებით;

მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა იზრდება 170.0 მლნ ლარით. აღნიშნული რესურსის გამოყოფა ხდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, მათ შორის ავტობუსების შეძენის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 120,0 მლნ ლარი, ხოლო 50,0 მლნ ლარი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტების დასაფინანსებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]